მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე მურად შამათავა სხდომაზე სენაკის გამგებლის, თენგიზ ადამიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საკითხს კენჭისყრაზე გაიტანს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება გამგებლის საქმიანობიდან გამომდინარე მიიღო.
ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სენაკის გამგებელი თენგიზ ადამია. თავის მხრივ, ისიც უკმაყოფილებას გამოთქვამს საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობის გამო და აცხადებს, რომ ეს საკითხი საკრებულოს გადასაწყვეტია და არა თავმჯდომარის.
გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა უმრავლესობაა საჭირო. შეგროვდება თუ არა საჭირო ხმები, ეს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
დღევანდელ სხდომაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (15 ერთეული” სოლო-423″ ტიპის მობილური ზურგსაკიდი აპარატები) სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, საკრებულოში 2013 წლის 13 მარტს შემოსული სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მძიმე ავადმყოფობის მქონე მოქალაქეების განცხადება და სოფელ გეჯეთის ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღის შენობის სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა.