ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი _ 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცა. წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები 4 350 811 ლარით გაიზარდა.
ეს ნიშნავს, რომ დამტკიცებული 73 758,0 ათასი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტი 78 108,8 ათასი ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა.
ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ მომხსენებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე იყო. როგორც მისი ნათქვამიდან გავიგეთ, 1 500 000 ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის არის გამოყოფილი.
„გურია ნიუსის” კითხვაზე, დეტალურად რას მოხმარდება ეს თანხა, გიორგი ღურჯუმელიძემ გვიპასუხა: „2023 წლის სექტემბერში მასშტაბური სტიქიის წინაშე აღმოჩნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გახორციელება. იდენტიფიცირებულ ოჯახებზე უკვე გაცემულია ფინანსური დახმარება და მცირე ნაწილია დარჩენილი.
ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები იმ ადგილებში, რომელიც სტიქიამ დააზიანა და ეს თანხები ზუსტად იმისთვის არის გამოყოფილი, რომ ის დარჩენილი პრობლემები მოგვარდეს, რომელიც ამ დროისთვის მოსაგვარებელია”, _ აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.
პარტია „საქართველოსთვის” და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფო ქარცივაძე დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა ქალაქ ოზურგეთში 2024 წლის ივლისში დატბორილ ქუჩებზე, როცა უხვმა ნალექმა არა ერთ ოჯახს შეუქმნა პრობლემა და მსგავსი ფაქტები ბოლო პერიოდში ხშირია.
გიორგი ღურჯემელიძის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არა ერთი სამუშაო აქვს დაწყებული და დაგეგმილია მდინარის კალაპოტის გაწმენდა. გიორგი ღურჯუმელიძემ ურჩია სოფო ქარცივაძემ, მოიწვიოს კომისიის ფორმატით სათანადო პირები და დეტალურად მოხდეს ამ საკითხის განხილვა.