ამსტერდამში საქართველოს საპატიო კონსული ჰაის დე იახერი, როტერდამში კი ნიკოლას დე ბორსტი იქნება.
საპატიო კონსულების სიგელები ჰაის დე იახერსა და ნიკოლას დე ბორსტს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გადასცა. ინაუგურაციისთვის გამართულ სპეციალურ მიღებას ჰააგაში არსებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
“მათ დიდი დამსახურება აქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები პატარა ქვეყანაა, ამსტერდამი და როტერდამი მნიშვნელოვანი ქალაქებია, სადაც თავმოყრილია კულტურული და ბიზნეს ელიტა, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებენ საპატიო კონსულები და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას,” _ განაცხადა მინისტრმა მიღებაზე.
ჰაის დე იახერი უძრავი ქონების სფეროში საქმიანობს. მას საქართველოსთან ბიზნეს კავშირი 2002 წლიდან აქვს და ამ დროიდან მოყოლებული ხელს უწყობს საქართველოში უძრავი ქონებისა და დეველოპერულ სფეროში საერთაშორისო ინვესტიციბის მოზიდვას. ნიკოლას დე ბორსტი კი საქართველოში საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მისი ინიციატივით საქართველოს 4 რეგიონში მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებს. 2012 წლიდან ნიკოლას დე ბორსტი სათავეში უდგას ნიდერლანდებისა და საქართველოს სავაჭრო საბჭოს.