2013 წლის 6 მარტის წერილის პასუხად, სადაც ორგანიზაცია საკრებულოს თავმჯდომარისაგან ითხოვდა ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლის საკრებულოს სხდომებზე დასწრების უზრუნველყოფას, 27 მარტის საპასუხო წერილში საკრებულოს აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ “ვინაიდან საკრებულოს შენობას არ გააჩნია შესაბამისი სხდომათა დარბაზი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებულ პირთა დასწრება, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ ორგანიზაციის თხოვნა.”
ორგანიზაციისთვის მიუღებელია, ასევე ის ფაქტი, რომ 29 მარტის სხდომაზე დაკვირვების მიზნით მისულ წარმომადგენელს, რომელზეც საშვი საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა პროცედურის დაცვით დაუშვა, დაცვის თანამშრომელმა არ მისცა საკრებულოს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა. პრობლემა მხოლოდ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების უშუალო ჩარევის გზით მოგვარდა.
მიგვაჩნია, რომ საკრებულოს აპარატის პოზიცია პრინციპულად ეწინააღმდეგება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონისა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტს, სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული მოთხოვნა საკრებულოს სხდომის ღიაობის შესახებ. საკრებულოს აპარატის პასუხი სრულიად უგულვებელყოფს „ადგილობრივი თვითმმარველობის შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლის თანახმად “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის პირები ვალდებული არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალობისათვის…“
გვინდა განვაცხადოთ, რომ ორგანიზაცია ვერ გაზიარებს საკრებულოს არგუმეტს იმასთან დაკავშირებით, რომ “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის დასწრება საკრებულოს ღია სხდომაზე ფართის სიმცირის გამო ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. აქვე დავამატებთ, რომ 29 მარტის საკრებულოს სხდომას არც ერთი სხვა ორგანიზაცია არ უწევდა მონიტორინგს.
ცალკე შეშფოთების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რამდენჯერმე დააფიქსირა საკრებულოს წევრის, ვახტანგ ცაგარეიშვილის მიერ სხვა დეპუტატების ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტი, რაც ვიდეოფირზეც არის აღბეჭდილი აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება “ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის თანახმად “საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა.”
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების ღიაობა და გამჭვირვალობა დაინერესებული პირებისთვისა, რაც ორგანული კანონით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს.
“სამართლიანი არჩევნები” ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონიტორინგს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის სრულიად მიუღებელია ხელოვნური ბარიერების დაწესება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის პროცესში.