სიუჟეტში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ნაჩვენები “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით: “სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა”.
ამის შემდეგ, ამავე სიუჟეტში გავიდა სოსო პავლიაშვილის სატელეფონო კომენტარი, სადაც რუსეთში მოღვაწე მომღერალი ჟურნალისტებს ადანაშაულებდა ცრუ ბრალდების გავრცელებაში და ამბობს, რომ “მისი ხალხი მოვა ჟურნალისტებთან და იურიდიულად დაელაპარაკებიან”.
გთავაზობთ სრულ ციტატას პავლიაშვილის კომენტარიდან, რომელიც “კურიერში” გავიდა: “რა საქმე უნდა აღძრულიყო იმაზე? ჯერ ეს ერთი _ ჩემი მეგობარია მკვდარი,და მერე _ თავში ვიღაცამ რაღაცა მოიფიქრა, ვიღაცას რაღაც საშინელება მოუვიდა თავში, ესე არ ხდება კაცო.ეს ჟურნალისტებმა გაავრცელეს ეს ამბავი და მაგ ჟურნალისტებთან მივა ხალხი და იურიდიულად მოსთხოვს პასუხს. ესე არ ხდება. ჩემი ავთოს ოჯახს როგორც ვედექი გვერდში, ისევე ვუდგევარ დღემდე.ჩემი ახლობელი იყო და ჩემი სიძე ზის, რომელიც იძახის რომ მე ეს არ გამიკეთებია. ეს ხომ უნდა გაირკვეს? მე ორ ცეცხლშუა ვარ,ჩემზე ცუდად აქ არავინ არ არის, ვიღაცეები არსებობენ, ვისაც უნდათ რომ სისხლი გამიშრონ. 10 წელია, ხან კრემლის აგენტს მეძახიან,ხან მე და ვიღაც-ვიღაცეებს გვინდოდა ხელისუფლების გადატრიალება, ხან სომეხს მეძახდნენ, ხან ნარკობიზნესშიაო, იძახდნენ, ხან ერის მოღალატეს მეძახდნენ…”
ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე კომენტარი “გურია ნიუსთან” გუშინ. დაახლოებით 13:00 საათზე გააკეთა თავად საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა, რაც აღნიშნულია კიდეც სტატიაში.
მანვე, ეს ინფორმაცია დაადასტურა ტელეკომპანია “მე-9 არხისთვის” მიცემულ კომენტარში, 9-საათიან გამოშვებაში, რომლის ამსახველ ვიდეომასალასაც გთავაზობთ.
ამის შემდეგ, დღეს კომენტარი გააკეთა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა_ იგი მომღერალ სოსო პავლიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტს არ ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესს” განუცხადა:
“არანაირი დევნა სოსო პავლიაშვილის მიმართ დაწყებული არ არის. ის არ გახლავთ ბრალდებული. ეს ფაქტი შემიძლია დაგიდასტუროთ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს უშუალოდ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და რამდენიმე პირი პასუხისგებაშიც არის მიცემული. საქმე აღძრულია, მაგრამ _ არა პავლიაშვილის მიმართ,” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
ვფიქრობთ, აღნიშნული საკითხისადმი პროკურატურის ორი სხვადასხვა ვერსიის გარკვევა თავად ამ უწყების გასარკვევია.
ჩვენ ის ინფორმაცია გავავრცელეთ, რომელიც საქმის მწარმოებელი პროკურორისგან მივიღეთ.