საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი დევდარიანის გუნდს პირველი ადგილის მოსაგებად ავსტრიელებთან გამარჯვება და ჯგუფის მეორე შეხვედრაში სერბეთის ვერმოგება ესაჭიროებოდა. სერბეთმა მართლაც ვერ გაიმარჯვა – საქართველოსგან 3:0 ძლეულ ირლანდიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, მაგრამ ვერ იმარჯვეს ჩვენმა 17-წლამდელებმაც: საწყის წუთებში ორი გოლი გაუშვეს და მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს – 1:2.
საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა 3 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: დევდარიანის ბიჭებმა ელიტ-რაუნდში ყველაზე მეტი, 4 გოლი გაიტანეს.
17-წლამდელთა შორის ევროპირველობას სლოვაკეთი მაისში უმასპინძლებს. სლოვაკების გარდა კონტინენტის უძლიერესი გუნდის სახელისთვის ავსტრიელი, ხორვატი, შვედი, უკრაინელი, შვეიცარიელი, რუსი და იტალიელი ჭაბუკები იბრძოლებენ.