ალექსანდრე ბარამიძე ჟურნალისტებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობაში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის დეტალებზე ესაუბრა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამერიკის პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა საქართველოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელი დღემდე მოქმედი შრომის კოდექსის გამო შეიტანეს. მათ მიიჩნიეს, რომ ქართული კანონმდებლობა ვერ იცავს დასაქმებულთა უფლებებს. მოსარჩელეები აშშ-ს ხელისუფლებისაგან ითხოვდნენ, ჩამოერთმია საქართველოსათვის პრეფერენციათა განახლებული სისტემით (ე.წ. „GSP”) სარგებლობის უფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო კარგავდა საშუალებას, აშშ-ში 7000-მდე დასახელების პროდუქტის ექსპორტი ნულოვანი საბაჟო გადასახადის პირობებში განეხორციელებინა, 3600-მდე დასახელების ნაწარმის ექსპორტისათვის კი შეღავათიანი საბაჟო ტარიფით ესარგებლა.
„ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობაში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და წონადი არგუმენტი შრომის ახალი კოდექსი იყო, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა და რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს. ახალი კოდექსი დასაქმებულთა უფლებების დაცვის განსხვავებულ, გაცილებით მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე ეს დღემდე მოქმედი კოდექსით იყო გათვალისწინებული. ამ ცვლილებამ საქართველოს საკითხის განხილვას აშშ-ს სავაჭრო წარმოამდგენლობაში შეიძლება ითქვას, სულზე მიუსწრო და მისი ბედი დადებითად გადაწყვიტა“, – აღნიშნა ბარამიძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტემენტის, სავაჭრო პალატის, შრომის დეპრტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ დაადასტურა, რომ შრომის ახალი კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შეწყდება. რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში 7000-მდე დასახელების ქართული პროდუქტი გადასახდის გარეშე შევა, 3600-მდე დასახელების ნაწარმისათვის კი შეღავათიანი საბაჟო ტარიფი იმოქმედებს.