პროექტის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მუხრან გულაღაშვილი დაესწრნენ.
9 მაისს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გინესის მრავალგზის რეკორდსმენის, მსოფლიო ველომოგზაურის, მსოფლიოს მოქალაქისა და სპორტსმენის, გაეროს ბუნების დაცვის ელჩის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, ჯუმბერ ლეჟავას ველოტური «J L & EURASIA» დაიწყება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ველოტური ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება (მთლიანობაში 40 000-ზე მეტი ველომოყვარული) და პროექტის მონაწილენი ევრაზიის 30 ქვეყნის 200-მდე ქალაქსა და ათასობით დასახლებულ პუნქტს გაივლიან.
ველოტურის მიზანი მრავალმხრივია – ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ქვეყნებს შორის სპორტული კავშირურთიერთობების განმტკიცება, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კონტაქტების გაღრმავება.
ველოტურის მარშრუტი გადის შემდეგ ქვეყნებზე: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ხორვატია, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ბოსნია, მონტენეგრო, მაკედონია, ალბანეთი, საბერძნეთი და თურქეთი.