სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვერა მაშადო.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
„ამ ქვეყნებთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; საერთოდ, ეს რეგიონი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ამიტომაც ვისარგებლეთ შემთხვევით და რადგან ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანა არის წარმოდგენილი ბრაზილიაში, გავმართეთ შეხვედრა მათ ელჩებთან,“ – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ.
ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ასევე სიტყვით გამოვიდა რიო ბრანკოს ინსტიტუტში, სადაც მან საქართველოსა და ბრაზილიის ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრი ასევე შეხვდა ბრაზილიის წამყვანი მედია–გამოცემა O Globo-ს წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ბრაზილიელ კოლეგა ანტონიო პატრიოტას, ასევე დეპუტატთა პალატისა და სენატის წარმომადგენლებს შეხვდება.