შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2 აპრილს, საქართველოში, ფოთის პორტის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ინდოეთიდან, 56000 კგ კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ფოთის პორტის’’ ვეტერინარი სპეციალისტების მიერ ვეტერინარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ გაყინული კამეჩის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.
საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, მავნებელი სურსათი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.