ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში მცხოვრები, 93 წლის გაბრიელ მდინარაძე “გურული დღიურების” ფონდის საპატიო სტიპენდიანტი გახდა, _ ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, “გურული დღიურების” ფონდის დამაარსებელი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს. სოფელი ფამფალეთი. 93 წლის გაბრიელ მდინარაძეს, რომელიც თეატრის დღეს დაიბადა და 70 წელზე მეტია ამ დღის ნაწილია – ახლაც ოზურგეთის თეატრის მსახიობი გახლავთ – ორი განზრახვით ვეწვიეთ.
1) ჩემი ტელე-რუბრიკისთვის ,,სოფლები და ადამიანები” მოკლე საუბარი გავაბით.
2) გურიაში ნათელა გრიგალაშვილთან ერთად დავბრუნდი. ერთად წიგნს ვწერთ და ამ აზრითაც მოვსინჯეთ მისი პერსონაჟი.
გამოვიდა მეტი:
3) ის ჩვენი ფონდის საპატიო სტიპენდიატი გახდა.
4) ჩვენი ერთგული და შესანიშნავი მეგობრის დახმარებით, მისი სახლის რემონტი დაიწყება. მალევე ექნება ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა”, _ წერს გიორგი კეკელიძე.
ავტორი: გიორგი გირკელიძე