რომელმაც განაცხადა, რომ ბიზნესმენ ანტონ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ამ უკანასკნელის მიმართ საქმე არ აღძრულა.
“გურია ნიუსს”ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩხაპელიას (რომელიც სოსო პავლიაშვილის სიძეა) ახლობელი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პატიმარზე საშინელი ზეწოლა დაიწყო.
“გადაწყვეტილი აქვთ, ვახოს ჩვენება შეაცვლევინონ, რათა სოსო პავლიაშვილი საქმიდან “სუფთად” გამოვიდეს. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ვახტანგს აიძულებენ სასამართლოში მისცეს ჩვენება, რომელიც ძალიან ბინძური შინაარსისაა და ემსახურება გარდაცვლილის სახელის დისკრედიტაციას. რის თქმასაც მას აიძულებენ, ის რეალობასთან საერთოდ არ არის კავშირში. “
“გურია ნიუსმა”ექსკლუზიურად მოიპოვა 2012 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული მოწმე ვახტანგ ჩხაპელიას დაკითხვის ოქმი, რომელშიც ის პირდაპირ აცხადებს, რომ სოსო პავლიაშვილმა 50 000 დოლარი გადაიხადა ბავშვობის მეგობრის, მეჯვარის და შვილის ნათლიის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში.
“მოგახსენებთ, რომ მე ვარ სოსო პავლიაშვილის დის მეუღლე, ხოლო ანტონ (ავთო) ადუაშვილი და სოსო პავლიაშვილი ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ანტონ ადუაშვილი იყო სოსო პავლიაშვილის მეჯვარე და ბავშვის ნათლია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ სოსო პავლიაშვილს და ანტონ ადუაშვილს გარდა მეგობრული ურთიერთობისა, ჰქონდათ ბიზნეს ურთიერთობებიც. როგორც მე სოსომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს მითხრა, რომ ფული როგორც კი ჩამივარდება, მინდა საქართველოში გამოვაგზავნო. ავთოსთან ერთად რაღაც საქმეების დაწყებას ვაპირებ და შენც შემოდი ჩვენთან ერთად საქმეშიო. ამაზე მე სოსოს უარი ვუთხარი, ვინაიდან მე ანტონ ადუაშვილთან ერთად არ მქონდა არანაირი სურვილი ერთობლივი საქმიანობის მისი საქციელების გამო. იგი მუდმივად ცდილობდა ყველა საქმის სათავისოდ წაყვანას, სწორედ ეს იყო ჩემი უარის მიზეზი. სოსოს ნათქვამი აქვს ჩემთვის, რომ მას ანტონ ადუაშვილისთვის მიცემული ჰქონდა საკმაოდ სოლიდური თანხა, როგორც ვიცი 200 000 დოლარი თუ ევრო, რომელიც ანტონს უნდა გამოეყენებინა რაღაცა ფართის შესაძენად, სადაც უნდა დაეწყოთ ერთობლივი ბიზნესი.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ სოსო პავლიაშვილს ჩემთან რამოდენიმეჯერ ნათქვამი აქვს “რა ხდება, ავთო ყველაზე უკმაყოფილებას გამოთქვამს, ბოლოს ჩემს მიმართაც დაიწყო უკმაყოფილების გამოთქმაო. ამას სოსო მეუბნებოდა გაკვირვებით, უკვირდა ანტონის ბოლო პერიოდის ცვალებადობა.
მიმდინარე 2012 წელს, ანტონ ადუაშვილს, ერევანში სოსოსთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, საქამრეში ჩადებულ იარაღზე მიუნიშნებია და უთქვამს, ჩვენს შორის ძმობა კი არა, იარაღი არისო. სოსოს ჩემთვის ნათქვამი აქვს, ავთო ბოლო პერიოდში ძალიან საშიში გახდაო. ყოველივე ამას სოსო ძალიან განიცდიდა; ვცდილობ, როგორმე დავაწყნაროო, მაგრამ როცა მომისმენს მერე ისევ თავისას იწყებსო. მე სოსოს ვუთხარი, მაგას დაუსჯელობის სინდრომი აქვს, მეც არაერთხელ მაჩვენა თავისი იარაღი-თქო, ამიტომ ეგ უნდა დავსაჯოთ და ბოლოსდაბოლოს ჭკუაზე მოვიდეს-თქო. მე ეს სოსოს ვუთხარი 2012 წლის ივნისის თვეში თურქეთში დასასვენებლად ყოფნის პერიოდში.
სოსო ამაზე დამთანხმდა , ყოველ შემთხვევაში მას წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს, ეს საუბარი შედგა უშუალოდ ჩემსა და სოსოს შორის. სოსომ აღნიშნული საუბრისას მითხრა, თუ ავთო ცოტა ჭკუაზე არ მოვიდა, მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქროთო. მე ვუთხარი, რომ ავთოს დასჯას და ჭკუაზე მოყვანას მე მივხედავდი. ანტონ ადუაშვილის დასჯასთან დაკავშირებული საუბრები ჩემსა და სოსოს შორის სხვადასხვა შეხვედრების დროს ისევე გრძელდებოდა, მე ანტონის დასჯაში ვგულისხმობდი ფიზიკურ გასწორებას, მის ცემას. მე დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მენახა ისეთი პიროვნება, ვინც შეძლებდა ანტონ ადუაშვილის ფიზიკურად ცემას, ასე ვთქვათ დაინვალიდებას, გონების დაკარგვამდე ცემას. აღნიშნულის განსახორციელებლად მე გადავწყვიტე მენახა სანდო პიროვნება,”_ ნათქვამია ჩვენებაში.
ჩვენებაში ვახტანგ ჩხაპელია ყვება, რომ 2012 წლის სექტემბერში, სანზონაში, ის შემთხვევით შეხვდა ძველ ნაცნობს თემურ ქობალიას, მეტსახელად “მუხას”, რომელთან დაკავშირებასაც ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, რადგან, ეს უკანასკნელი, თურმე, თბილისში არ იმყოფებოდა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, ჩხაპელიამ თბილისის ზღვაზე მდებარე ლტოლვილთა საცხოვრებელში ააკითხა ქობალიას და უთხრა, რომ აპირებდა ავთო ადუაშვილს ფიზიკურად გასწორებოდა. ვახტანგ ჩხაპელიამ ქობალია მანქანაში ჩაისვა და ჯერ ხუდადოვის ქუჩაზე მიიყვანა, სადაც მსხვერპლის სახლი და რესტორანი აჩვენა, შემდეგ კი ავჭალაში, სადაც ბიზნესმენი ახალ სახლს იშენებდა და ხშირად უწევდა იქ ყოფნა. ჩხაპელია ამბობს, რომ ქობალიამ მისი წინადადება არ მიიღო, სამაგიეროდ, საბურთალოზე გააცნო თავისი ნაცნობი გელა უბილავა.
ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენებით, უარის მიუხედავად, ის რამდენჯერმე შეეცადა ქობალიას დაყოლიებას, თუმცა, ეს უკანასკნელი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. 2012 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ვახტანგ ჩხაპელია სამეგრელოში, თხილის ბიზნესის დასაწყებად ჩავიდა, სადაც კვლავ ქობალიას დაუწყო ძებნა; მან ხობში, ლტოლვილთა საცხოვრებელში მიაკითხა “მუხას”, სადაც შემთხვევით შეხვდა თბილისში გაცნობილ უბილავას.
“გელა უბილავამ ჩემდა გასაკვირად მკითხა, რა პრობლემა გაქვს მოსაგვარებელიო. მე მას ვუპასუხე, რომ მქონდა პირადული პრობლემა, მასვე ვუთხარი, რომ თბილისში არის ერთი პიროვნება, რომელიც იყო დასასჯელი. ამაზე გელა უბილავამ მითხრა, ჩაიწერე ჩემი ტელეფონი და დამირეკეო.”
ჩხაპელიას ვერსიით, რამდენიმე დღეში, გელა უბილავა თბილისში ჩამოვიდა. ვახტანგ ჩხაპელიამ ის საკუთარი მანქანით წაიყვანა და აჩვენა ავთო ადუაშვილის ორივე სახლი და რესტორანი, უთხრა, რომ მსხვერპლი მოძრაობდა თეთრი ფერის ML ჯიპით და ჩააწერინა მანქანის ნომერი. ვახტანგ ჩხაპელია გელა უბილავას დაკვეთის შესრულებისთვის 50 000 დოლარს შეპირდა.
“კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გელა უბილავაზე გადასაცემი თანხის გარკვეული ნაწილი კერძოდ ჯერ 30 000 ევრო ჩამოვიტანე უკრაინიდან როგორც მახსოვს 25 ან 26 ოქტომბერს. მე აღნიშნული თანხა გამოვართვი ჩემი მეუღლის ძმას სოსო პავლიაშვილს, რომლისთვისაც ნათქვამი მქონდა რომ კაცი მყავს ნანახი, რომელიც დაეხმარებოდა ანტონ ადუაშვილის დასჯაში და ამ 30 000 ევროდან ნაწილი უნდა მიმეცა სწორედ ამ პიროვნებისთვის. კონკრეტულ დეტალებზე სოსოსთან არ მისაუბრია, მან ხელზე მომცა 30 000 ევრო.”
ვახტან ჩხაპელიას მტკიცებით, მან არ იცოდა, რომ გელა უბილავამ თავის მხრივ კიდევ დაიქირავა სხვა ადამიანები, რომლებიც მას ავთო ადუაშვილის მკვლელობაში დაეხმარებოდნენ. სოსო პავლიაშვილის სიძე ამბობს, რომ ბოლოს გელა უბილავას 23-24 ნოემბრის ღამეს შეხვდა. 04:00 საათზე კი, ანტონ ადუაშვილის მკვლელობიდან რამდენიმე საათში, უბილავამ მას ტელეფონზე დაურეკა, სახლში გაუარა და დარჩენილი 46 ათასი დოლარი გამოართვა.
“ანტონ ადუაშვილის მკვლელობის შესახებ, როგორც მოგახსენეთ სოსო პავლიაშვილმა იმავე საღამოს, რამოდენიმე საათში შეიტყო. მეც ვესაუბრე სოსოს ტელეფონზე, მაგრამ მას ჩემთვის არაფერი უთქვამს.”
“გურია ნიუსი”წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ვახტანგ ჩხაპელია მოკლულის დაკრძალვამდე მუდმივად ჭირისუფლების გვერდით ტრიალებდა. 24 ნოემბერს ის ერევანშიც კი გაემგზავრა, რათა სოსო პავლიაშვილისთვის ბავშვობის მეგობრის დასაკრძალი ფული გამოერთმია. მომღერალმა სიძეს 10 ათასი ევრო ჭირისუფლებისთვის გადასაცემად გაატანა, თვითონ კი მეგობრის დაკრძალვას არ დასწრებია.
სიძე _ ცოლისძმის შეხვედრა ერევანში სასტუმრო “გოლდენ პალასში შედგა.”
“მე სოსოს ვუთხარი, ავთო ჩემი შეკვეთით მოკლეს, მაგრამ მე ასე არ მინდოდა მომხდარიყო, მისი სიკვდილი არ მინდოდა, მინდოდა მხოლოდ მისი ფიზიკური გასწორება, კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე 50 000 დოლარი უნდა გადამეხადა ანტონ ადუაშვილის მაგრად ცემაში, მე უბილავასთვის ნათქვამი მქონდა, რომ ანტონ ადუაშვილი უნდა დასჯილიყო, ისე უნდა ეცემათ რომ დადებილებულიყო, თუ საჭირო გახდებოდა თავიდან მოეშორებინათ კიდეც“.
2012 წლის 2 დეკემბერს, ვახტანგ ჩხაპელია და სოსო პავლიაშვილი ხარკოვში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ კვლავ ისაუბრეს ადუაშვილის მკველობაზე, თუმცა როგორც ჩხაპელია წერს, სოსოს არც ამჯერად უთქვამს რამე. სიძე -ცოლისძმა ბოლოს 10 დეკემბერს, ერევანში შეხვდა ერთმანეთს, სადაც სოსო პავლიაშვილს კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი. პავლიაშვილმა ბავშვობის მეგობრის საფლავის მოსაწყობად სიძეს 10 ათასი დოლარი გამოატანა საქართველოში, 10 ათასი ევრო კი პირადად ჩაპელიას ერგო, როგორც ამტკიცებს _ ნათესავებზე გასანაწილებლად.
“კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ანტონ ადუაშვილს ფარული უთანხმოება ჰქონდა ჩემი მეუღლის ძმასთან სოსო პავლიაშვილთან, რაც გამოიხატებოდა ანტონის მხრიდან სოსოსთვის დიდი ოდენობით მოტყუებით გამორთმევაში, რაც სისტემატურ ხასიათს ატარებდა. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტების დაგროვება გახდა მიზეზი რომ მე და სოსომ გადაწყვიტეთ დაგვესაჯა ანტონ ადუაშვილი, რისი შესრულებაც ვითავე მე, ხოლო ფინანსური დახმარება ამის აღსრულებაში გამიწია სოსომ. კითხვაზე გიპასუხებთ რომ გელა უბილავასთვის გადაცემული თანხა მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის კერძო ადუაშვილის დასასჯელად მომცა სოსო პავლიაშვილმა, კერძოდ 30 000 ევრო, რაც შეადგენს დაახლოებით 38 ათას დოლარს, დანარჩენი 12 აშშ დოლარი მივიღე ნაწილ-ნაწილ,”_ ნათქვამია ჩვენებაში.
“გურია ნიუსი”საქმის საპროცესო ხელმძღვანელს პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილს დაუკავშირდა. ბიბილაშვილი ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მართლაც არსებობს ჩვენება, რომელშიც ვახტანგ ჩხაპელია მკვლელობის დაკვეთაში სოსო პავლიაშვილს ამხელს.
_ კი, არის ასეთი ჩვენება, თუმცა საქმე თან არ მაქვს ახლა და ჩვენების თარიღი არ მახსოვს, თუმცა გიდასტურებთ რომ ამ შინაარსის ჩვენება ჩხაპელიას მიცემული აქვს.”
_ ჩვენი ინფორმაციით, ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენების შეცვლას აიძულებენ.
_ ეს ტენდენცია მეც შევამჩნიე. მეც მაქვს ეს ინფორმაცია.
_ რა ვითარებაში მისცა ჩხაპელიამ ეს ჩვენება, ხომ არ იყო ზეწოლა?
_ არა, არა, როგორ გეკადრებათ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ვის უნდა განეხორციელებინა ზეწოლა, ვის ინტერესში შედიოდა, დამალვას აზრი ხომ არ ჰქონდა?! ის რომ ეგ იყო მკვლელობის შემკვეთი, ეს ხომ ცხადზე -ცხადი იყო. მოტივი ხომ უნდა აეხსნა? მას ადუაშვილთან არანაირი შეხება არ ჰქონია, არაფრის გამო ხომ არ განახორციელებდა ამას?
_ ჩხაპელიას მოწმის სახით დაკითხვის ოქმი ერთადერთია დოკუმენტია, სადაც სოსო პავლიაშვილის გვარმა გაიჟღერა? სხვა ბრალდებულები არ ახსენებენ მას?
_ და რამდენი უნდა იყოს?! ან ვის ჩვენებაში უნდა ყოფილიყო კიდევ, სხვები ხომ არ იცნობდნენ. შემსრულებლები ანუ ვინც ადუაშვილი მოკლეს, ჩხაპელიასაც კი არ იცნობდნენ. საერთოდ, ჩხაპელიასთვის ყველაზე კარგი და სწორი გამოსავალი სიმართლის თქმაა.
_ ჩხაპელიას ჩვენება არის თუ არა საკმარისი საფუძველი სოსო პავლიაშვილის მიმართ საქმის აღძვრისათვის?
_ არა, არ არის საკმარისი. საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, რა ჩვენებებს მისცემენ ესენი სასამართლოში, რა მტკიცებულებები შეიკრიბება და ამის შემდეგ, თუ უტყუარი მტკიცებულებები არ შეიკრიბა; ძნელია წინასწარ რამეზე საუბარი, ვნახოთ რა ჩვენებას მოგვცემს ის სასამართლოში.
“გურია ნიუსი”ვახტანგ ჩხაპელიას ადვოკატ ლევან ჯავახაძესაც დაუკავშირდა, რომელიც გვირჩევს ჭორებს არ ავყვეთ, რადგან “წყლის ამღვრევით” ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ადვოკატი ამბობს, რომ ჩხაპელიას მოწმის სახით დაკითხვის ოქმი ზეწოლით არის მოპოვებული და ამის შესახებ ვრცელ განცხადებას ის სასამართლოში გააკეთებს. ჯავახაძე ასევე უარყოფს ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩხაპელიაზე ჩვენების შეცვლის მიზნით ზეწოლის შესახებ:
_ არა, არაფერი ამდაგვარი არ დაიჯეროთ თქვენ. ეს არის დაინტერესებული პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც უნდა წყალი აამღვრიოს რაღაც მაქინაციებით და მამაძაღლობებით. არ დაიჯერო ამგვარი არაფერი, რადგან ვახტანგის გარშემო რა პროცესებიც მიმდინარეობს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შეძლებისდაგვარად ვაკონტროლებ. მე არ ვადასტურებ, ასეთი რაღაც არ ხდება ვახოს მიმართ და არც მცდელობა არ ყოფილა.”
_ არსებობს მოწმის დაკითხვის ოქმი, რომელშიც ჩხაპელიამ პავლიაშვილის გვარი დაასახელა…
_ თუ მტკიცებულებებზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა ვისაუბროთ ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმებზე, რადგან ის ბრალდებულია. მოწმის სახით დაკითხვის ოქმი და რა ფორმით იყო ეს ჩვენება მიღებული, ჩემთვის ამას სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის მტკიცებულება არ არის. ვახტანგ ჩხაპელია ბრალდებულის სახით დაკითხული არ არის.
_ თვლით, რომ სოსო პავლიაშვილის ამ საქმესთან დაკავშირებას პროკურატურა ცდილობს?
_ ჩემთვის ძალიან გასაკვირია, თუ რა მტკიცებულებების ჯაჭვით შექმნა პროკურატურამ თეორია, რომ ამ საქმეში სოსო პავლიაშვილია გარეული. აქ საცოდავ ჩხაპელიას რაღაცა მანქანებით თუ ზეწოლით ათქმევინეს, ეს იმას არ ნიშნავს რომ სოსო პავლიაშვილი რაღაცაშია გარეული. სოსო პავლიაშვილის თემა პროკურატურამ სავსებით უსაფუძვლოდ წამოწია. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, და რადგან ეს საცოდავი ჩხაპელია არის სოსო პავლიაშვილის სიძე, ეს ვერსია იმიტომ წამოვიდა. მათ შორის ნათესავური კავშირის გარდა, ამ საქმეში სხვა არანაირი კვალი არ იკვეთება სოსო პავლიაშვილის მონაწილეობის. გავა დრო და დარწმუნდებით, რომ სიმართლეს გეუბნებოდით, _ ამბობს ადვოკატი.
ჩვენ ვცადეთ მომღერალ სოსო პავლიაშვილს დავკავშირებოდით, რამდენიმე SMS შეტყობინებაც გავუგზავნეთ, თუმცა უშედეგოდ.
“გურია ნიუსი” ნებისმიერ დროს მზადაა საზოგადოებას მისი მოსაზრებები და არგუმენტები გააცნოს.
მასალის გადაბეჭდვა რედაქციის დაუკითხავად და სრულად, აკრძალულია