11 აპრილს მეწარმეებმა _ პაატა ენუქიძემ და ადნან აკიანმა “საქართველოს ფოსტისგან” თანამშრომლობის შეთავაზება მიიღეს. “საქართველოს ფოსტამ” მეწარმეებს შესთავაზა მისი ქოლგის ქვეშ გააგრძელონ საქმიანობა, რაც მათ განბაჟებასთან დაკავშირებულ სირთულეებს თავიდან აარიდებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოში” თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ნორმა არ ირღვევა, “საქართველოს ფოსტა” თავს მაინც უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამაში მას ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაციები უწყობს ხელს. ასევე გაუგებარია, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბრძანება საქართველოში კონტრაბანდის შემოტანის აღკვეთას ემსახურება და მცირე გადამზიდველები “საფრთხეს” წარმოადგენენ, რატომ შეძლებენ ისინი უკვე “საქართველოს ფოსტის” გავლით იმავე რაოდენობისა და ტიპის ტვირთის შემოტანას.
“როგორც უკვე მრავალჯერ აღვნიშნეთ, ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების შედეგად, “საქართველოს ფოსტა” დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მისი შეთავაზება კი წარმოადგენს კომპანიის მცდელობას, ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და კონკურენტების ხარჯზე განიმტკიცოს უპირატესი პოზიცია ბაზარზე,” _ აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში.
სიტყვიერი დაპირების მიუხედავად, სამინისტრო “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” რეკომენდაციების გაზიარებას არ ჩქარობს.
ამიტომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო” სასამართლოს გზით მოითხოვს ფინანსთა სამინისტროს იმ ბრძანებების გაუქმებას, რითაც მცირე და საშუალო გადამზიდველებს დამატებითი ფორმალური ბარიერები დაუწესდათ საბაჟო პროცედურების გავლაზე, რის შედეგად საქართველოს ფოსტა უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებები შეუსაბამობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც აუცილებელია მათი გაუქმება.