კიმ კარდაშიანი
კარდაშიანების ოჯახს შობის დღესასწაული ძალიან უყვარს. წელიწადის ამ დროს კიმ კარდაშიანს ქმარ-შვილთან ერთად სპეციალური ტრადიცია აქვს. ახალი წლის დილას, კორტნი კარდაშიანის სახლში, კიმი და კანიე უესტი შვილებთან ერთად ერთნაირ პიჟამოებს იცვამენ, თანაც − ყოველ წელს სხვადასხვას. ასევე, წლების განმავლობაში ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ოჯახის თითოეული წევრი საჩუქარს საკუთარი სტილის კონვერტს აყოლებს, რათა უთქმელად მიხვდნენ, ვისგანაა.
ბლეიკ ლაივლი
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი 2 ქალიშვილთან − ჯეიმსთან და ინეზთან ერთად, ახალი წლის შინ გატარებას ამჯობინებენ. „შობა ოჯახთან ერთად ყოფნას გულისხმობს, ამიტომაც ჩვენ არასოდეს ვტოვებთ სახლს“, − აცხადებს ბლეიკი, − „უცნაურია, როგორც ხდება, მაგრამ საბოლოოდ, ყველას ერთ საწოლში გვძინავს. დაახლოებით 7 საათს, უბრალოდ, საუბარში ვატარებთ და ეს ძალიან სასიამოვნოა“.
ლაივლი მზარეულობის სიყვარულითაა ცნობილი, ამიტომ როცა საქმე საახალწლო სუფრას ეხება, სერიოზულად ემზადება. სპეციალურ დესერტთან ერთად, იგი თავისი ხელით დიდი ზომის კერძებსაც ამზადებს.
პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა
საკუთარი ტრადიციით, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილებიც გამოირჩევიან. მათი ბებია, ქეროლ მიდლტონი ორივეს საწოლთან მცირე საახალწლო ხეებს დგამს. პატარებს შეუძლიათ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ნაძვის ხე თავიანთი გემოვნებით მორთონ.
მილა კუნისი
ორი შვილის დედა, ეშტონ კატჩერთან ერთად, ცდილობს თავმდაბალი ბავშვები გაზარდოს. ამიტომ, მათი ოჯახური ტრადიციები ცოტათი არატრადიციულ იერს იძენს. მაგალითად, ახალ წელს ისინი ბავშვებს საჩუქრებს არ ჩუქნიან. „ვფიქრობთ, სანამ პატარები არიან, ეს მათთვის საჭირო არაა. მშობლებსაც ვუთხარით: თუ რამეს მოუტანენ, მხოლოდ ერთი საჩუქარი აარჩიონ. სხვა შემთხვევაში, ქველმოქმედებას გადავცემთ“, − აცხადებს მილა.
ჰიუ ჯეკმანი
ჰიუ ჯეკმანი ავსტრალიურ ტრადიციას ამკვიდრებს. „შობაზე ყველა ობოლს ვმასპინძლობთ. ამიტომაც, ვინც მარტოა, გვესტუმროს!“ − აცხადებს მსახიობი. სასიამოვნოა, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არ იციან, სად გაატარონ დღესასწაული, ჰიუს სახლის კარი მუდამ ღიაა.
ჯიჯი ჰადიდი
ჰადიდების საყვარელი საშობაო ტრადიცია არდადეგების ერთად გატარებაა: „ეს დღეები ყოველთვის ოჯახს ეთმობა. აუცილებლად ჩვენს ფერმაში მივდივართ, სადაც ბევრ კერძს ვამზადებთ, ვსაუბრობთ, ბუხართან ვსხედვართ, ფილმებს ვუყურებთ… ოჯახური ატმოსფერო გვამშვიდებს და გვახალისებს. ყველა ჩვენგანი სხვადასხვა რამეს ვაცხობთ. მე ძირითადად ნამცხვრები მევალება და 5 სხვადასხვანაირს ვამზადებ. ერთხელ სანტას მარხილი ქაფქეიქებით ავაწყვე“, − აცხადებს ჯიჯი.
რაც შეეხება საჩუქრებს, ჰადიდებს ინდივიდუალური საჩუქრები ხიბლავთ. ასე რომ, ახალ წელს ერთმანეთს წერილებს წერენ და დილით, წაკითხვისას, მუდამ გული უჩუყდებათ.
რიზ უიზერსპუნი
მსახიობი ყოველ წელს საშობაო კალენდარს ადგენს და თაფლაკვერის სახლს სამ შვილთან ერთად აფორმებს. ახალი წლის წინა დღეებში უიზერსპუნის ოჯახში მიკროტალღური ღუმელი გადაბმულად მუშაობს. ავა პატარა ორცხობილებს აცხობს, ტენესი დედას ვაფლების გაკეთებაში ეხმარება. რიზი ოჯახს გამომცხვარი შაშხითაც უმასპინძლდება.
„მიუხედავად იმისა, რომ იზრდებიან, საშობაო არდადეგებთან დაკავშირებული ტრადიციები ძალიან უყვართ და მოგონებები მუდამ თავს ახსენებთ. შესაძლოა, საშობაო კალენდრის შექმნა დამავიწყდეს, მაგრამ დიკონი აუცილებლად მეტყვის: „დედა, სად არის ის?“ მაშინ ვხვდები ხოლმე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დეტალები მათთვის“, − აცხადებს ვარსკვლავი.
































































