ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეკრებაში, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან – ლე რუსთან, ფრანკ ჰიმსკერკთან და ვონ ამსბერგთან. ასევე, შედგება ერთობლივი შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც განიხილება მაისში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული ფორმატით შეხვედრის ორგანიზების დეტალები.
გაიმართება მოლაპარაკებები სარეიტინგო კომპანიების „Moody’s ვიცე-პრეზიდენთან დიეთმარ ჰორნუნგთან და S&P წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში შედგება შეხვედრა საინვესტიციო კომპანია J.P.Morgan-ის წარმომადგენლებთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან _ ვილჰელმ მოლთერერთან და ანტონ როპთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მასუდ აჰმედთან.
ვიზიტის დასასრულს შედგება ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვენის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც განიხილება ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების პრიორიტეტები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინსტიტუტის პროგრამით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში უკვე მიმდინარეობს სასწავლო კურსები.
ფინანსთა მინისტრი საქართველოში 24 აპრილს დაბრუნდება.