_ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის პოსტი, სადაც 6 თვე ვიმუშავე. მივმართე ამის შესახებ დეპუტატს წერილობით, რომელიც მაროკოში იმყოფება, მე ჯერ მისგან პასუხი არ მიმიღია.
ეს გადაწყვეტილება, მივიღე იმიტომ, რომ მე ვითავისუფლებ თავს და ვათავისუფლებ დეპუტატს, იმ უხერხულობისგან, რაც ამ ბოლო პერიოდში მისი და ჩემი მისამართით ისმის. დეპუტატის ბიუროსკენ არის მუდმივად თითი გაშვერილი, რომ მის ზურგს უკან ამოფარებული ვარ. ისმის, ბრალდება, რომ დეპუტატის ბიუროს უფროსმა შეიტანა საჩივარი და ა.შ.
მე ეს ყველაფერი შემიძლია გავაკეთო, როგორც მოქალაქემ და დამოუკიდებელმა პიროვნებამ.
20 წელია სიმართლისთვის ვიბრძვი და ბრძოლას ახლაც გავაგრძელებ სამართლიანობისთვის, ბრძოლა მიწარმოებია ყველაზე საშიშ პერიოდში, როცა არც კაბინეტი მქონდა და არც თანამდებობა, _ აღნიშნა მარინე სუნგულიამ “გურია ნიუსთან”.
_ ერთი თვის წინ, მონაწილეობა მივიღე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. გავიარე ტესტირება, მივიღე მაღალი შეფასება, ასევე გავიარე გასაუბრება. ვფიქრობ, რომ ეს თანამდებობა, სადაც შევიტანე განაცხადი, მეკუთვნის როგორც გამოცდილ პროფესიონალს. არის გარკვეული ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ მე ამ თანამდებობაზე არ მოვხვდე. გამოცხადებულია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის შედეგი, ოზურგეთის გარდა. ჩემს შემთხვევაში, გაერთიანებულია როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც მებრძვიან და ძალიან ხშირად იყენებენ ასეთ ფრაზას _ ამოფარებულია დეპუტატის ბიუროს და იქედან იბრძვის, ანუ მე ვიყენებ დეპუტატის ბიუროს პირადი ინტერესებისათვის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა.
მე მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისთვის არ მიბრძოლია _ ჩვენ ვიბრძოლეთ მეტი სამართლიანობისთვის, პროფესიონალიზმის დაფასებისთვის. რადგან აქ ვხედავ შეფერხებას, ეს ჩემთვის არის სიგნალი, რომ რაღაც ისე არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე მე და ჩემნაირებმა, ვისაც სურვილი აქვს, რომ მეტი ჯანსაღი მუხტი წამოვიდეს საზოგადოებაში, ხმამაღლა ვისაუბროთ უსამართლობაზე.
მე ჯერ მაინც მგონია, რომ მოხდება სწორი გადაწყვეტილების მიღება, თუ არადა, ამ კუთხითაც ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას. ზოგადად ვაპირებ სიმართლისთვის ბრძოლას, რასაც ვაკეთებდი აქამდე, ამდენი წლის მანძილზე და მივიღო ის, რაც დავიმსახურე და არა მარტო მე.
_ თქვენი აზრით, რატომ ჭიანურდება პროცესი, რა არის ამის მიზეზი?
_ იცით რა არის? ახალ ხელისუფლებაში არის შემოსული ისეთი ძალები, რომელიც მერკანტილური აზროვნების არიან, ბევრისთვის არც კორუფციაა უცხო, ეს მათი ცხოვრების ჩვეული წესია, ერთ-ერთს წავეკამათე კიდეც _ მეუბნებოდა: შენ რომ მოხვალ ხელისუფლებაში, არ მოიპარავო? აი, ამ მენტალობის ადამიანებიც არიან ხელისუფლებაში მოსული. ამღვრეული წყლის უცებ დაწმენდა არ ხდება, ეს პროცესი ნელ-ნელა უნდა წავიდეს.