დიმიტრი ჯიჭონაიას დაკავება სარფის გამშვებ პუნქტზე, საქართველოს საზღვრის დატოვების მცდელობისას მოხდა. მას ბრალი პატიმრების წამების რამდენიმე ეპიზოდში ედება.
გამოძიებით მოპოვებული მასალების მიხედვით, 2011 წლის 5 აგვისტოს N2 დაწესებულების ყოფილმა დირექტორმა დიმიტრი ჯიჭონაიამ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა გაგა ლიპარტელიანმა, დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად პატიმრები გ. ფ. და დ. თ. სცემეს. ისინი რადიოს მაღალ ხმაზე ჩართვის გამო დასაჯეს. საცვლების ამარა მყოფი ნაცემი პატიმრები ე.წ. „ბოქსში“ ორი დღე იმყოფებოდნენ.
2011 წლის აგვისტოს ბოლოს, დაწესებულების თანამშრომელთან შელაპარაკების გამო, პატიმარი რ.გ. საცვლებში დატოვეს და ხელები ჯაჭვით შეუკრეს. ამის შემდეგ დიმიტრი ჯიჭონაიამ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
2012 წლის თებერვალში, პატიმარმა ზ. დ.-მ უარი განაცხადა კუთვნილი ულუფის მიღებაზე. მას გაგა ლიპარტელიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, პატიმარმა სამართებლით ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ზ.დ. თვითდაზიანების მიყენების და ულუფაზე უარის თქმის გამო, დიმიტრი ჯიჭინაიას სამუშაო ოთახში ჯიჭონაიამ და ლიპარტელიანმა სცემეს. ძლიერი ტკივილის შედეგად, პატიმარმა გონება ორჯერ დაკარგა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალი საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით წარედგინება.