(ბმული http://www.eg.ru/daily/politics/37556/). პუბლიკაციაში, რომლის ავტორი ნატალია მურგაა, საუბარია, საქართველოს პრეზიდენტის გატაცებებსა და თავგადასავლებზე. საუბარია, თუ როგორ შეასკდა სააკაშვილი თურქეთში ვიზიტისას ტრაილერს და დაზიანდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი, ჩვენი წყაროებით არ დასტურდება და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “ფაქტობრივი მასალა” სოციალურ ქსელებშია შექმნილი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ყურადღებას სტატიაში გამოქვეყნებულ სხვა, ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს მოკლებულ ინფორმაციაზე გავამახვილებთ: სტატიის ლიდშია გამოტანილი, რომ თურმე, “სანამ ექიმები თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის მოტეხილ ხელს შველიან, მისი ცოლი სხვა მამაკაცთან ერთად მთებში ერთობა”. ამის დასადასტურებლად, გამოქვეყნებულია “გურია ნიუსის” კუთვნილი ფოტო შესაბამისი ლოგოთი. ფოტოს წარწერა ახლავს:” სანამ მისი ქმარი თურქეთში მხრის მოტეხილობით იტანჯება, საქართველოს პირველი ლედი მთებში ძვირფასი მეგობრის კამპანიაში ერთობა”.
ტექსტში ნათქვამია, რომ “ტრავმით მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან უკვე მეორე ოპერაცია გადაიტანა. იტყობინებიან, რომ პრეზიდენტს მხრის სამმაგი მოტეხილობა აქვს. ამ დროს კი, შორეულ საქართველოში პრეზიდენტის ცოლი, ჰოლანდიელი სანდრა რულოფსი, შენიშნული იქნა ვალერი ჩიტაიშვილის კამპანიაში _ ის არც კი ეჭვობდა, რომ ქმარი ავტოავარიაში მოჰყვა, იგი მხიარულად ატარებდა მთებში დროს….
_ გაუგებარია, რატომ არ იღებს სანდრა საქართველოს მოქალაქეობას, _ გვიამბო ქართველმა ჟურნალისტმა ნინომ, _ ის არ მონაწილეობს არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია პრეზიდენტის ცოლია; მან “მაღალს” _ როგორც ჩვენ ახლა სააკაშვილს ვეძახით, ორი ბიჭი გაუჩინა, მაგრამ სულაც არ თვლის საქართველოს მშობლიურ ქვეყნად. რაც შეეხება ამ ავტოავარიას, საქართველოში ხალისით ვხუმრობთ: ბიულეტენზე ტრაილერი უნდა გაუშვა და არა სააკაშვილი.
სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტიც შენიშნულია სასიყვარულო ისტორიებში….” და ამის შემდეგ, სტატიაში პრეზიდენტის ფავორიტ ქალებზეა საუბარი.
“გურია ნიუსი” აცხადებს, რომ რუსული ინტერნეტსაიტის მიერ გამოყენებული ფოტო გადაღებულია 2008 წლის სექტემბერში, სანდრა რულოვსის გურიაში სტუმრობის დროს, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველ ლედის ბახმაროს დათვალიერება შესთავაზა. ფოტოზე გამოსახულია პრეზიდენტის მეუღლე და გურიის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული-გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და არა “რულოვსის ძვირფასი მეგობარი”. ბახმაროში ვიზიტისას პირველ ლედის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ახლდნენ და სხვა ფოტოებზე ისინიც არიან აღბეჭდილი. როგორც ჩანს, სააგენტომ, ფოტო “გურია ნიუსის” ფოტოარქივიდან ამოიღო და მისთვის სასურველი ინტერპრეტაციით გამოიყენა.
ამდენად, ფაქტების დამახინჯებად და არაეთიკურად მიგვაჩნია ამგვარ კონტექსტში “გურია ნიუსის” ფოტომასალის, როგორც ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების გამოყენება, თანაც, სრულიად უსაფუძვლოდ.