“პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის ლაპარაკობდა და ლაპარაკობს დემოკრატიულ სახელმწიფოზე, კანონის უზენაესობაზე და ამავდროულად აცხადებს, რომ არ აპირებს თანამშრომლობას გამოძიებასთან – ეს ნონსენსია,” _ განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, თუ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილ დანაშაულებს ახალი ხელისუფლება არ გამოიძიებს, მაშინ აუცილებლად მოვა ხელისუფლება, რომელიც ამას გააკეთებს.
“ადრე თუ გვიან აგვისტოს ომის გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, ისევე როგორც გამოძიება ჩატარდება ყველა იმ რეზონანსულ და არარეზონანსულ საქმეებზე, რომლებთან მიმართებაშიც, როგორც სააკაშვილს, ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებს, პირდაპირი დანაშაული აქვთ ჩადენილი და საქართველოში სამართალი აუცილებლად იზეიმებს. იმედია, რომ ამას დღევანდელი ხელისუფლება გააკეთებს, თუ არა და, საქართველოში აუცილებლად მოვა ხელისუფლება,რომელიც სამართლიანობის აღდგენისათვის ყველაფერს გააკეთებს და აუცილებლად მოეფინება ნათელი იმას, რის დამალვასაც სააკაშვილი წლებია ცდილობს,” _ ნათქვამია ნინო ბურჯანაძის პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.