_ “უწყებათშორის კომისიაში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამტრედიაში დაგეგმილ შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო შეხვედრებში აქტიურად არიან ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ოპოზიციურმა პარტიამ უწყებათაშორის კომისიას მიაწოდა ფოტო მასალა, სადაც ასახულია წინასაარჩევნო შეხვედრებში სამტრედიის დაცვის პოლიციის უფროსისა და ხონის რაიონის პოლიციის უფროსის მონაწილეობის ფაქტი.
ამასთან დაკავშირებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს კანონმდებლობის ის დებულება, რომელიც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლებას გარკვეული თანამდებობის პირებს უკრძალავს. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვროს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება: საარჩევნო კომისიის წევრებთან, მოსამართლეებთან, გენერალურ აუდიტორთან, სახალხო დამცველთან და კანონით განსაზღვრულ სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, ამ ჩამონათვალში საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებიც ფიგურირებენ.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:
• შესაბამისი რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ ფაქტებზე.
კომისიის თავჯდომარე რეკომენდაციით მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
• განუმარტოს თავიანთ თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი ის ნორმა, რომელიც მათ წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობას უკრძალავს,” _ აღნიშნულია უწყებათაშორისი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომისიის ინფორმაციით, წევრების უმრავლესობა (7 წევრი) არ იზიარებს გიგა ბოკერიას რეკომენდაციებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელიც საარჩევნო სააგიტაციო შეხვედრებში პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობაზე კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვას შეეხება.