“რა 85 თეთრი? წაგიყვანოთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს, ნახევარ კილოგრამს, 10 ლარში გაყიდინებთ, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს მას შემდეგ, რაც მან გაძვირებულ ფასებზე კითხვა დაუსვა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ გაძვირდა პარლამენტში შექმნილი, ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პარალელურად ქვეყანაში ფასები, მათ შორის „გაიაფებული კვერცხის ფასიც კი“.
„გაძვირება ტყუილია, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვსდგებით საზოგადოების წინაშე.
„ვაკვირდები _ ვებ-გვერდზე დევს ფასები და რა ფასებიც იყო ერთი თვის წინ, იგივე ფასებია შენარჩუნებული, განსაკუთრებით, ძირითად პროდუქტებზე… რა გაძვირდა აბა? კვერცხი რა ღირდა და რა ღირს? ან კარაქი რა ღირდა და რა ღირს?
რა 85 თეთრი? წაგიყვანთ და 4,60 ლარად გაყიდინოთ 10 კვერცხი? მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის რბილ ხორცს ნახევარ კილოგრამს 10 ლარში გაყიდინებთ“, _ თქვა კობახიძემ.





































































