(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ კვირას, ლანჩხუთში, “არაგეგმიური კარუსელი” დატრიალდა _ მას შემდეგ, რაც თანამდებობა გამგეობის ინფასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჩიკაშუამ დატოვა, აღნიშნული პოსტი ქალაქის რწმუნებულს სოსო ჩხაიძეს ჩააბარეს. რატომ დატოვა სამსახური დავით ჩიკაშუამ, რომელიც გამგებლის გია გოგუაძის უახლოეს კადრად მიიჩნეოდა? კულუარებში ორი ვერსია გავრცელდა, რომელთაგან ნაკლებ რეალურია, რომ მას კონფლიქტი ჰქონდა გამგებელთან; უფრო სარწმუნოა ის ინფორმაცია, რომ ჩიკაშუა ბათუმში, უკეთეს ანაზღაურებად სამსახურში გადავიდა. თუმცა, აქ საგულისხმოა ერთი დეტალი _ თავის დროზე, მან სწორედ მაღალანაზღაურებადი სამსახური დატოვა (ფირმა “ომეგას” ლანჩხუთის ოფისს ხელმძღვანელობდა) და გამგეობაში გადავიდა. ჩვენ გვსურდა მიზეზი თავად ჩიკაშუასგან გაგვეგო, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი მისი ნომერი “მომსახურების ზონიდან” იყო გასული.
ქალაქის თავად გამგეობის შესყიდვების სამსახურის თანამშრომელი გივი მენაღარიშვილი დაინიშნა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იგი გამგებლის ნათესავია და ამიტომაც ჩააბარეს ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა კადრის დაწინაურება მისასალმებელია, მით უფრო, რომ მენაღარიშვილს პასუხისმგებლიან მოხელედ ასახელებენ, თუმცა, ზემოთ ნახსენები ფაქტი ინტრიგას მაინც ტოვებს _ გამგებლის ნათესავობა დანაშაული სულაც არ არის, მაგრამ აქტუალურია კითხვა _ დააწინაურებდნენ თუ არა მას სხვა შემთხვევაში? ჩვენი სხვა წყაროს თქმით, მენაღარიშვილის მოადგილედ მიტო ორაგველიძე მოიაზრება, რომელიც, როგორც წყარო ამტკიცებს, გამგებლის მოადგილის შორეული ნათესავია.