სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტებმა აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის _ იაპონური ქინქლას (Trissolcus japonicus) _ საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს.
370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს. სპეციალისტები მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან როგორც მწერის გავრცელებას, ისე მის გავლენას ფაროსანას პოპულაციაზე.
„გურია ნიუსი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის უფროსს დაუკავშირდა კითხვით _ გაუშვეს თუ არა იაპონური ქინქლა გურიაშიც.
მისი თქმით, რეგიონულ სამსახურს აღნიშნულ პროცესში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია.
„ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. კვლევები ანასეულში მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ქინქლა გურიაშიც გაუშვეს, თუმცა ამ პროცესში უშუალოდ არ ვმონაწილეობდით,“ _ განაცხადა მან.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო უპრეცედენტოდ მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს.
„იაპონური ქინქლა ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბიოლოგიური აგენტია, თუმცა მისი ეფექტიანობისა და ფაროსანას პოპულაციის მართვის შესაძლებლობის შესაფასებლად გრძელვადიანი დაკვირვებაა საჭირო. ამ პროცესს დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სწავლობენ,“ _ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია.
იაპონური ქინქლა სპეციალისტებმა საქართველოში პირველად 2023 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს. მოგვიანებით მისი არსებობა ტურინის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც დაადასტურეს. ამის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიაში შვეიცარიელ, იტალიელ და თურქ მეცნიერებთან თანამშრომლობით დაიწყო იაპონური ქინქლას გამრავლება და მისი ფიტოსანიტარიული რისკების შეფასება.
სპეციალისტების განმარტებით, იაპონური ქინქლა სასარგებლო მწერებზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. დაახლოებით ერთი მილიმეტრის ზომის პარაზიტული მწერი კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხებში დებს, რის შედეგადაც მავნებლის ახალი თაობა აღარ ვითარდება.
ავტორი


































































