ხელოვნებათმცოდნე, თამარ ამაშუკელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმარება ჟიბიანის ღვთისმშობლის ეკლესიასთან დაწყებულ მშენებლობას.
დაახლოებით თვენახევარია, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ლამარიასთან სატრაპეზოს აშენებს.
„გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ თამარ ამაშუკელის პოსტს.
„კიდევ ლამარიაზე. ის, რომ უკანონოდ აშენებენ — უკვე ყველამ იცის.
ისიც იცით, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო ავიკელით და პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღეთ. როგორც ხშირად ხდება: ჯერ „არაფერი ვიცოდით“, მერე კი ისე გაუჩინარდნენ, თითქოს პრობლემა საერთოდ არ არსებობდეს.
ეპარქიაში შეხვედრის შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი გაირკვა — ყველამ ყველაფერი იცის.
აღმოჩნდა, რომ თავად საპატრიარქო საერთოდ არ თვლის საჭიროდ ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვის აღებას. სააგენტოსთვისაც ეს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი ამბავია — იციან, მაგრამ „არ იციან“. ბოლოს და ბოლოს, „არ ცოდნა — არ ცოდვაა“.
საპატრიარქოს განცხადება, თითქოს ეს სატრაპეზო ლამარიაში მცხოვრები დედებისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.
იქ სულ სამი მონაზონია. აქვთ კელიები, აქვთ სველი წერტილი, აქვთ სატრაპეზოც. თავად ეპარქიაშიც ადასტურებენ, რომ ეს შენობა მათთვის არ შენდება.
მაშ, ვისთვის?
სტუმრებისთვის. რადგან, როგორც ჩანს, წირვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სუფრაა… და თან აუცილებლად მონასტრის ეზოში.
აქ კი ერთი ამბავი უნდა გავიხსენოთ.
უშგულში საუკუნეების განმავლობაში ამაღლებამდე აღინიშნებოდა ჰლშიერი. ამ დღეს უშგულელი ქალები ლამარიას ეზოში იკრიბებოდნენ, აცხობდნენ ლემზირებს — სვანურ სებისკვერს. მღვდელი აკურთხებდა, შემდეგ კი ლემზირები უშგულის ყველა ოჯახში ნაწილდებოდა.
ეს ტრადიცია რატომ გაქრა?
იმიტომ, რომ მეუფემ აკრძალა.
არგუმენტი იყო: „ეკლესიის ეზოში საჭმლის კეთება და ცხობა არ შეიძლება.“
ანუ ლემზირი არ შეიძლებოდა.
მაგრამ ასკაციანი სატრაპეზო შეიძლება.
ლოგიკა, როგორც ჩანს, იმაზეა დამოკიდებული, ვინ რას აკეთებს.
და კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ,როგორც ეპარქიაში შეხვედრისას გვითხრეს, უკვე ორი წელია ლამარიაში წყალი ჩამოდის, ზიანდება ფრესკები. ორი წელია ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან შველას ითხოვენ, მაგრამ, მათი სიტყვებით, „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“.
ლამარია… შენ, რომელმაც საუკუნეები გადაიტანე, რომელმაც უშგულის ტრადიციები, რწმენა და ისტორია შემოგვინახე, ახლა მაინც შეგვეწიე. გვასწავლე, როგორ დავიცვათ ის, რაც წინაპრებმა გვანდეს, როცა ისინი, ვისაც ამის ვალდებულება აქვთ, დუმილს ირჩევენ.
ამავე თემაზე: https://gurianews.com/ra-kethdeba-ushgulis-lamarias-eklesiasthan/


































































