11 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგით ოთხი საკითხის განხილვა იყო გათვალისწინებული.
„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“ საკითხზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თაზო ჩავლეშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ოზურგეთში სამი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა ჯამური ღირებულება 3 მილიონ 400 ათასი ლარია. საუბარია დაბა ურეკში შემოვლითი გზის, შემოქმედელის ქუჩისა და სოფელ სილაურის ჯუმათთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე.
საკითხის ირგვლივ მხოლოდ მხარდამჭერი მოსაზრებები გამოითქვა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების“ განკარგულების პროექტი დამტკიცდა.
საკრებულოს სხდომაზე ასევე დაამტკიცეს „ქალაქ ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის განთავსების თაობაზე“ განკარგულების პროექტი, რომელსაც საკრებულოს წევრები მოწონებით შეხვდნენ.
სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ნათია გოლიაძის არჩევა იყო.
კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ სახელით საკრებულოს წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა წარადგინა.
საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას თქმით, ნათია გოლიაძემ ამ თანამდებობაზე ტატა ბარამიძე შეცვალა, რომელმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, პაატა კუნჭულიას გადადგომის შემდეგ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოზიცია საკუთარი სურვილით დატოვა.
ნათია გოლიაძე 2021-2025 წლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იყო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მას მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და ავტორიტეტით სარგებლობს.
ცვლილება განხორციელდა ასევე „მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ სამართლებრივ აქტში.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე ესწრებოდა.
ავტორი

































































