პრემიერის გამოსვლა შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ასევე ახალი ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. მან განაცხადა, რომ კავკასია ჯერ კიდევ არ არის მშვიდობიანი რეგიონი და გარკვეული საფრთხეების წინაშე დგას.
“ახალი პრაგმატული მიდგომით დავიწყეთ ორმხრივი დიალოგი რუსეთთან, რუსულ ბაზარზე ვაბრუნებთ ქართულ პროდუქციას. რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული. რუსეთთან ურთიერთობაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იმის მანიშნებელია რომ მზად ვართ ახალი ურთერთობისთვის. ჩვენ ორივე მხარეს გვაქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთას არ ვაპირებთ,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას.
მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაცია, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი და ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ეს არჩევანი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა,” _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.