„დღეს მეოცედ აღინიშნება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე – 3 მაისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ულოცავს ყველა ჟურნალისტს პროფესიულ დღესასწაულს.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა “ვინდჰუკის დეკლარაციამ” ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.
ციფრულმა ეპოქამ, ინტერნეტის განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგოსფერომ და სამოქალაქო ჟურნალისტიკამ, წლების განმავლობაში, მთლიანად შეცვალა მედიალანდშაფტი, თუმცა მსოფლიო მედია კვლავ დგას მთავარი პრობლემების წინაშე: ჟურნალისტთა უსაფრთხოება (იუნესკოს მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში მსოფლიოში დაახლოებით 600 ჟურნალისტი მოკლეს), მათზე ფიზიკური ზეწოლა, ხელისუფალთა მხრიდან მუქარა, ცენზურა.
საქართველოს მედია, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იდგა გამოწვევების წინაშე, ამ მხრივ არც განვლილი 2012 წელი აღმოჩნდა გამორჩეული, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდი, როდესაც ჟურნალისტების დევნა ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული. შემაშფოთებელია მიმდინარე წლის 1 მაისს მომხდარი ინციდენტიც, როდესაც სამართალდამცველებმა მანიფესტაციის გაშუქებისას ორი ჟურნალისტი დააკავეს.
პრობლემათა ნუსხას ემატება მედიაში პროფესიონალიზმის ნაკლებობა, სარედაქციო დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, ტელეკომპანიების მფლობელთა ხშირი ცვლილება, სარეკლამო ბაზრის სიმწირე, რაც ხელს უშლის მედიასაშუალებებს განვითარებაში და ჟურნალისტთა შრომის ადეკვატურ ანაზღაურებაში.
Freedom House–ის ბოლო მონაცემებით, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი 15 პუნქტით გაუმჯობესდა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყნის სატელევიზიო ბაზარზე პოლიტიკური მრავალფეროვნებით ხსნის. გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლება მაინც შეძლებს გაითავისოს თავისუფალი მედიის აუცილებლობა; გაითავისოს, რომ მედიის დამოუკიდებლობა და სიძლიერე ხელისუფლების სამივე შტოს და მთლიანად სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გარანტიაა.“ – წერია განცხადებაში.