ქალბატონი ციური ბაბილოძე, 58 წელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში მუშაობს პედაგოგად (დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში). უამრავი ოფიციალური ჯილდოებიდან, ყველაზე ღირსეულად მიაჩნია “სახალხო განათლების წარჩინებულის” წოდება.
რაც შეეხება დანარჩენს, სიყვარულით ნასაზრდოებ მეტსახელებს, რაც ციური ბაბილოძეს ნახევარსაუკუნოვანი მუშაობის მანძილზე სკოლის კედლებში დაერქვა: ” საინფორმაციო სააგენტო “იფრინდა”, “ტაშ-ფანდურას მასწი”, დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე”, “ციურ-მალამო”, “მოუსვენარი დისტრიბუტორი”… და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა ხსენებისას, სკოლის სამასი მოსწავლიდან თუ მასწავლებლებიდან არავის სჭირდება ახსნა, ვისზეა საუბარი, ჩვენი სტატიის პერსონაჟს კი მხოლოდ კეთილ ღიმილს ჰგვრის.
ქალბატონმა ციურიმ კონჭკათის საჯარო სკოლა 1958 წელს დაამთავრა. ორი წელი ჩაის მკრეფად იმუშავა, მერგოლურის პოსტიც ხვდა წილად და ადგილობრივი თუ ცენტრალური პრესა, საოცრად გამრჯე გოგონაზე ხშირად წერდა.
მალე ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და მერიის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა, რაც 58 წელია, გრძელდება.
დღემდე სკოლის ახალგაზრდული ენერგიით მომუშავე პედაგოგია, რომლის უნარებზე განცვიფრებულ დიდსა თუ პატარას, არ სჯერა, რომ მალე 80 წლის იუბილე ექნება ქალბატონ ციურის.
ჩვენც საკმაო თხოვნა დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა, მის შესახებ მოგვეთხრო ჩვენი მკითხველებისთვის.
ციური ბაბილოძეს სოფელ ჭანიეთიდან (სადაც ცხოვრობს), სოფელ მერიამდე 25 კილომეტრის გავლა, “დაბნელებულ წლებში” ფეხით უხდებოდა და როგორც დღეს სკოლის დირექტორი, ავთანდილ კეჭაყმაძე იხსენებს, ერთი დღე არ დაუგვიანია და აკვირვებდა ყველას თავისი შემართებით.
ციური ბაბილოძეს პირველი გაკვეთილი ასე ახსოვს:
მაშინ, როცა სკოლაში ექვსი წლის ბავშვების მიღება გადაწყდა, მოსამზადებელ კლასში მისაღებ მოსწავლეთა სიაში 25 ბავშვი იყო. ფინანსური კლასი 26 მოსწავლეზე იხსნებოდა. დავიწყე სოფელში კარდაკარ ჩამოვლა. ერთგან, ამყოლაძეების ოჯახში, ერთის ნაცვლად ტყუპი ძმები აღმოვაჩინე. ეს იყო ჩემთვის უდიდესი პირველი სიხარული პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებისას, _ გვიამბობს ქალბატონი ციური და კითხვაზე, მაინც რამდენი მოსწავლის აღმზრდელია, ამბობს, რომ ჰქონდა ბედნიერება, წლების მანძილზე 1500 ბავშვს ჰქონოდა მასთან ურთიერთობა და რქმეოდა მისი მოსწავლე.
სკოლის დირექტორის მოადგილეს აღმზრდელობით დარგში, იმდენად მრავალფუნქციური და საპასუხისმგებლო საქმეები ჰქონდა მინდობილი, უჭირს დალაგება, რომელი იყო უპირველესი და რომელი მომდევნო ხარისხის.
ღონისძიებათა წყება, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა, ციური მასწავლებლის გონებასა და შემოქმედებით აზროვნებაში, მხოლოდ საკუთარი ნააზრევით და მისი ხელწერით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. ამას ყოველთვის უშეცდომოდ ახერხებდა, გამჭრიახი და ალღოიანი გონების წყალობით.
ერთი ასეთი მეტად მხიარული ამბავი იყო, როცა ტრადიციულ თოვლის ბაბუასთან ერთად, მოიფიქრა, თოვლის ბებიაც საოცნებო სამოსითა და საჩუქრებით თუ სიტყვა-პასუხით ხლებოდა ახალი წლის მომლოდინე სამას ბავშვს. ბებიის როლიც თავად იკისრა და ჰოი, საოცრებავ, სამასი ბავშვიდან მხოლოდ ერთმა მოსწავლემ ამოიცნო ციური მასწავლებელი!
_ კი გამიხარდა ისე იმ ერთის ამოხსნილი პასუხიც. მთლად საცნობად რომ არ გადავექეცი საკმაოდ დიდ კონტიგენტიან სკოლას, _ ღიმილით იხსენებს წარსულის ერთ გაცოცხლებულ ფურცელს ციური მასწავლებელი.
დაკონკრეტებულ კითხვებზე უჭირს პასუხის გაცემა. იმდენი ღონისძიება, საინტერესო მოვლენა, საჭირბოროტო საკითხი თუ იმდენი ბავშვი და სახელოვანი ადამიანი ყოფილა მისი საქმიანობის შუაგულში, ვინ, რა და რომელი წინ დააყენოს რიგითობის სიაში, ვერ ახერხებს.
_ რა უნდა ვთქვა? რომელი ერთით უნდა დავიწყო და ჩამოვთვალო? სკოლაში ფუნქციონირებს “საინტერესო შეხვედრების სადარბაზო”. ამ სადარბაზოს ჩატარებულ ღონისძიებათა რიცხვს ეკუთვნის: “შეხვედრა სკოლის კურსდამთავრებულ სახელოვან სპორტსმენებთან”, “ვის შევაყვარეთ პედაგოგის პროფესია”, პოეზიის საღამო “გალაკტიონი და ნოდარი”, “შეხვედრა სოფლის 80+1 უხუცესებთან, “ჩვენი სტუმარია ზურაბ ცინცქილაძე”, შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან, _ ძნელია, 58 წლის მანძილზე ჩატარებული ღონისძიებების ჩამოთვლა, რომლებიც არაფრით არ ჰგავდა ერთმანეთს და ყველას ეტყობოდა მისი ხელწერა, რითაც გამორჩეული იყო თითოეული.
ციური ბაბილოძე ხალისით იხსენებს კომუნისტური ეპოქის საკოლმეურნეო თუ კომკავშირულ ფასიან საჩუქრებს და სიგელებს.
_ შრომას ფასი მაშინ ჰქონდა თუ ჰქონდა. მთლად მასე კი არაა საქმე, ახლა რომ ხელს წამოკრავენ, არაფერი კეთდებოდაო. დილაუთენიიდან ჩაიში ვაღამებდით 17 წლის ახალგაზრდები. სტუდენტი რომ გამხდარიყავი, დიახ, ასეთი შრომაც იყო საჭირო და არა მხოლოდ წიგნში კირკიმალი. რა ვიცი, მრავალი ჯილდო მაქვს მიღებული, მაგალითად, მრავალი სიგელი, რომელიც ახლანდელ ზოგიერთ სერტიფიკატს ბევრად სჯობს. ახალგაზრდობასთან სანიმუშო მუშაობისთვის საკავშირო სამკერდე ნიშანი და ფასიანი საჩუქარი. განათლების სამინისტროსგან სამკერდე ნიშანი; “სახალხო განათლების წარჩინებული”. სხვათა შორის, ამ ნიშანს ადვილად არ იძლეოდნენ და ეს დღემდე მარტო მე მაქვს სკოლაში. ისე კი, ვერაფერი შეედრება სოფელ მერიის ყველა თაობის და ყველა ასაკის დიდ-პატარასგან იმ სიყვარულს, რომელსაც დღემდე ვგრძნობ და რითაც ვცოცხლობ, _ გვიამბობს ციური მასწავლებელი.
_ რა უნდა ვუწოდო ამ ქალბატონს, თუ არა სკოლის სული და გული? ადამიანი, შეიძლება იყოს ასე ყოველ წუთს ბავშვივით დაუზარელი?! ჩვენი პედაგოგიური კოლექტივის პირველი ჭირისუფალი, გულშემატკივარი. მის გარეშე მერიის საჯარო სკოლა, გულწრფელად გეუბნებით, წარმოუდგენელია. ნაღობილევი, კონჭკათი, თხინვალი, მერია _ რა უნდა ხებოდეს ამ სოფლებში, რომ მან არ იცოდეს, არ მიაშუროს, სასკოლო საქმეა თუ სასოფლო? და უპირველეს გზამკვლევად და ყოვლისმცოდნე ინფორმატორად არ მოევლინოს ყველას, ვისაც ეს დასჭირდება! ერთ დეტალს გეტყვით: წლების მანძილზე, თუ ვინმე გარდაიცვალა, ამ მოწიწებით თავდასახრელი საქმის ორგანიზებას, მაშინვე თავად კისრულობს ოთხ სოფელში. ხომ გითხარით, პატარა ბავშვივით გაიქცევა, რომ საგანგებო თაიგული მოიტანოს და კოლექტივი ლამაზად წარსდგეს ხსოვნის წინაშე. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? ფუტკარია, რომელიც მუდამ აქეთ გემსახურება, გამდიდრებს და გაძლიერებს. ამიტომაც არ გავუშვით პენსიაში და არც გავუშვებთ. ახლა ასეთი ახალგაზრდებიც უნდა გვიმრავლოს ღმერთმა, რომ 80 წლის ასაკს მიღწეულები ასეთები იყვნენ. ეს სულის სიდიადე, რაც მას აქვს, დასაწყისიდან მოდის… მართლაც ღირსეულად უნდა შევხვდეთ მის 80 წლის იუბილეს. ის არის სახე მასწავლებლისა, რომელსაც ყველა თაობის გულში აქვს ადგილი მიჩენილი, _ გვეუბნება სკოლის დირექტორი ავთანდილ კეჭაყმაძე.
რას ამბობს 80 წლის ზღურბლს მიახლოებული მარად ახალგაზრდა მასწავლებელი ციური ბაბილოძე?
_ ვივიწყებ ასაკს, ფიზიკურ დაღლილობას, ცხოვრების უსიამოვნებებს… უფრო სწორად, ჩემში არის ძალა, რომელიც ჩემს დაუკითხავად არეგულირებს ყველაფერს და ყოველ წუთს სასიკეთო საქმისთვის განმაწყობს. ჩემი უდიდესი მონაპოვარი ორი შვილი და ხუთი შვილიშვილია. მათთან ერთად კი ჩემი სკოლა, საზოგადოება, სადაც ვტრიალებ და უერთმანეთოდ ვერ წარმომიდგენია ვერცერთი მხარე, _ გვეუბნება ქალბატონი ციური.
მას ბოლო დროს ყველაზე სახსოვარ და სიყვარულით გაკეთებულ საქმედ მიაჩნია ხელნაწერი “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც თავისი ულამაზესი კალიგრაფიით გადაიტანა საგანგებო წიგნ-რვეულში.
ამ საამაყო საქმეს, როგორც თავად გვეუბნება, ახერხებდა ზამთრის გრძელ ღამეებში, მეუღლესთან, ელდარ თავაძესთან (ვის დამსახურებათაც თვლის თავის წარმატებულ პედაგოგიურ მოღვაწეობას) საუბრისას.
_ ბუხრის პირას ბევრ ამბავს ვიხსენებდით და თანამედროვე პოლიტიკის თუ ეკონომიკის სიავკარგეზე ვბჭობდით, თან ამ ჩანაფიქრსაც ვასრულებდი. ორი თვე დამჭირდა, რომ ხელნაწერი დამესრულებინა. ეს, ჩემი ხელით გადაწერილი “ვეფხისტყაოსანი”, ჩემს შვილიშვილს, მეცხრეკლასელ ანის და მის მშობლიურ ჭანიეთის ახალ სკოლას მივუძღვენი გახსნის ზეიმზე. ეს ხელნაწერი ერთგვარი სიმბოლური მიძღვნაა შვილიშვილებისთვის და მათი სკოლისთვის ჩემგან. არ არსებობს უფრო აღმატებული საქმე, რითაც ადამიანების გულში ბინას დაიდებ _ ეს პედაგოგიური მოღვაწეობაა, _ ასე დაასრულა ციური ბაბილოძემ ჩვენთან საუბარი. თან აღნიშნა, რომ “ვეფხისტყაოსნის” გადაწერა არანაკლებ საპასუხისმგებლო იყო, ვიდრე ის 58 წელი, რომელიც სკოლის კედლებში გალია და სათვალავი ჯერ არ დასრულებულა.
“გურია ნიუსი” ბედნიერ წელთა სიმრავლეს და კვლავ დაუცხრომელი ენერგიით მუშაობას უსურვებს 80 წლის კარიბჭესთან მდგარ პედაგოგს, ციური ბაბილოძეს, რომლისთანა მოღვაწეები ასუდგმულებენ სწორედ ჩვენი სამშობლოს უკვდავებას!