ახლაც შემოდის რამდენიმე დღეში, თუმცა არა ძველებურად… ტრადიციებიც თითქოსდა დავიწყებას ეძლევა. არადა, ეს ძალიან ლამაზი და ორიგინალური წესია, რომელიც გურიისთვის საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო.
კალანდობა გურიაში მთელს საქართველოში იყო განთქმული. თუმცა, არა ისე, როგორც გასულ წელს ანახეს ცენტრალურმა ტელევიზიებმა. დადგმული, რეპეტიციაგავლილი. სპეციალურად სააკაშვილისთვის და მავანის პიარისთვის… შარშან სახელისუფლებო არხებმა დანარჩენ საქართველოს ანახეს თუ როგორ ხვდებოდნენ კალანდას გურულები… ანახეს ისიც, როგორ წაუკითხეს პრეზიდენტს სპეციალურად მისთვის მოწყობილ “კუხნაში” მუცლის საკითხავი…
თუმცა, საისტორიო წყაროები გურული კალანდის შესახებ სხვას ყვება: გურიაში კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა საახალწლო შეშას, შეიტანდა შინ, დააპობდა, დააწყობდა მშრალ ადგილას ან აიტანდა სხვენზე და შუაცეცხლის პირდაპირ დააწყობდა გასაშრობად. ცხემლისჭრა დღეს ვახშმად მოხარშავდნენ ფრინველებს, ცალკე მოამზადებდნენ კუჭმაჭსა და თავ-ფეხს, გამოაცხობდნენ საგანგებოდ ცხემლისჭრის პურს (ხაჭაპურს). საღამოს აანთებდნენ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს. ღვინის სმის დროს დაილოცებოდნენ: “მრავალს ცხემლისჭრა დღეს დაგვასწროს ღმერთმაო”.
ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის, უმეტესად თხილის სწორ, როგორც გურიაში იტყვიან, აშოლტილ ხეს, მოჭრიდნენ ძირში. საჩიჩილაკე ღეროს ცოტა ხნით ცეცხლზე გააჩერებდნენ, რათა რბილი და დრეკადი გამხდარიყო. როცა კანი ტკაცუნს დაიწყებდა, გამოიღებდნენ, შემოაცლიდნენ დამწვარ კანს და მჭრელი დანით იწყებდნენ მის ჩამოხდას. წვრილი ნათალი ერთი ბოლოდან მეორემდე ფრთხილად მიჰყავდათ ისე, რომ არ შემწყდარიყო. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მიუახლოვდებოდნენ მერქნის გულს. აქ კანის ჩამოხდას წყვეტდნენ, რადგან შეიძლებოდა ღერო გადამტვრეულიყო. შემდეგ იწყებოდა მეორე ეტაპი _ ჩიჩილაკის მორთვა. მას უკეთებდნენ ჯვრის ფორმის სადგამს. ჯვარს ჩიჩილაკს თავზეც ადგამდნენ, ოღონდ იგი უფრო პატარა ზომისა იყო. ჩიჩილაკს რთავდნენ სხვადასხვა ხილით, თხილის ჩურჩხელებით, სუროს ტოტებით. საზამთროდ შენახული ყურძნის აკიდოთი და სხვადასხვა ტკბილეულით. მოკაზმულ ჩიჩილაკს გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ.
დღეს კი ჩიჩილაკმა ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვერდით სუვენირის ადგილი დაიკავა. რამდენიმე წლის წინ, გურიის იმდროინდელმა გუბერნატორმა, მიხო სვიმონიშვილმა სცადა გურიისთვის ტრადიციის დაბრუნება და ნაძვის ხის ნაცვლად, ოზურგეთში დიდი ჩიჩილაკი დაიდგა. თუმცა ამ ულამაზესი და უძველესი ტრადიციის გაგრძლება აღარავის უცდია.
და მაინც… 4 დღეში ჩვენს ოჯახებში კიდევ ერთხელ იტყვიან უფლის სადიდებელს და კალანდის შემობრძანებას დალოცავენ. 4 დღეში გურულების ახალი წელი დგება. მართალია, მივიწყებული, თუმცა, არა დაკარგული ტრადიციებით. სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილ კონცერტს ჩოხატაურში კულტურის ცენტრი გამართავს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, წინ 4 დღეა გვაქვს… იქნებ მანამდე კარგად დავფიქრდეთ… ეს ლამაზი ტრადიცია არ დავკარგოთ… და მხოლოდ “შემოდიოდას” ნაცვლად ვთქვათ: შემოდიოდა, შემოდის და შემოვა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა…
კალანდობას გილოცავთ!!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved