ოზურგეთში, ყაზბეგის ქუჩაზე, გაზიფიცირების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. თავდაპირველად, სამშენებლო სამუშაოებს “სოკარი” აწარმოებდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს სამუშაოები “იტერამ” გადაიბარა.
როგორც აქ მცხოვრებნი ამბობენ, მშენებელმა კომპანიამ მილები არასწორად დაამონტაჟა და სვანეთში მომხდარ ფაქტს იხსენებენ _ იტალიური კომპანიის “ლაინტერის” მტკიცებით, მესტიაში საბაგირო გზის ბოძები უკუღმა დაამონტაჟეს, რის შედეგად, სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოექცა. როგორც იტალიელები ამბობდნენ, “მსგავსი, მსოფლიოში, არსად არაფერი უნახავთ”.
თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ანალოგიურ შეცდომას აქვს ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც, მაგრამ ამ ინფორმაციას, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ კომპანია “სოკარის” და “იტერას” წარმომადგენლები:
_ ყაზბეგის ქუჩაზე გაზიფიცირების სამუშაოები ჩვენმა კომპანიამ დაიწყო და “იტერამ” გააგრძელა, რადგან ეს ტერიტორია მისი სამოქმედო ზონაა. ვერ დავადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამუშაოები არასწორად გახორციელდა, რადგან ჩვენს ფუნქციებში არ შედის სხვა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, _ გვითხრა კომპანია “სოკარის” წარმომადგენელმა ოზურგეთში არსენ ცინცაძემ.
კომპანია “იტერას” წარმომადგენელი ოზურგეთში გია ჩხატარაშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სამუშაოები არასწორად გახორციელდა: _ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ვერ დავადასტურებ. ჩვენს სამოქმედო ზონაში სხვა კომპანიამ დაიწყო სამუშაოები, რომელიც შემდგომ შეჩერდა და ჩვენ გავაგრძელეთ. თებერვლის ბოლოს გაზსადენი ექსპლუატაციაში შევა და აღნიშნული ქუჩის მცხოვრებელები ჩვენი აბონენტები გახდებიან. ეს, პირველ რიგში, “იტერას” ინტერესებში შედის, _ გვითხრა ჩხატარაშვილმა.
კითხვაზე, ვინ გააკეთებს გზას, რომელიც სამუშაოების შესრულების პროცესში დაზიანდა, “იტერას” წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ სოფელ მაკვანეთის მიმართულებით, წელს ასფალტირებული გზის მშენებლობა იწყება. თუმცა, როგორც ჩხატარაშვილი გვიმტკიცებს, ამინდების დადგომისთანავე, დაზიანებულ მონაკვეთებს მისი კომპანია შეაკეთებს.
ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლებს კი არც “სოკარის” სჯერათ და არც _ “იტერას.” ამბობენ, რომ მილები არასწორად არის დამონტაჟებული და ხელახლა ჩაწყობას ექვემდებარება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved