(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის რწმუნებული ზურაბ მჟავანაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ურეკის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილედ გადაიყვანეს. რა გახდა ზურაბ მჟავანაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მაშინ, როცა ის აღნიშნული სოფლის რწმუნებულად 12 წელია, მუშაობდა. უკავშირდება თუ არა მისი გათავისუფლება სოფელ შრომაში ბოლო დროს კრიმინოგენური ვითარების დაძაბვას?!
ზურაბ მჟავანაძე “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ ის თანამდებობიდან არავის გაუთავისუფლებია და თავად დაწერა განცხადება:
_ 12 წელია, რაც სოფლის რწმუნებულად ვმუშაობ. ჩემი შესაძლებლობა ამოვწურე. თანამდებობიდან წასვლის შესახებ, დიდი ხანია, საუბარი მქონდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 11 იანვარს შვებულებაში გავედი, შემდეგ დავწერე განცხადება, დააკმაყოფილეს და დავინიშნე ურეკის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილედ.
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ გაგათავისუფლეს და განცხადება შემდეგ დაწერეთ.
_ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩემს შესახებ ბევრი ჭორი დადის, მაგრამ რას იზამ?!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან” ადასტურებს ინფორმაციას, მჟავანაძის ურეკის კულტურის სახლში გადაიყვანეს შესახებ.
_ ბატონო მიხეილ, სანდო წყაროს ინფორმაციით, მჟავანაძის გათავისუფლება სოფელ შრომაში ბოლო დროს მომხდარ კრიმინოგენურ ფაქტებს უკავშირდება.
_ რა კავშირში უნდა იყოს ეგ, ვერ გავიგე. პირიქით, ბატონი ზურაბი არის უაღრესად პასუხისმგებლიანი და გამოცდილი კადრი, რომელიც სოფელს დიდი ხანია, ემსახურება. ამჟამად სოფლის რწმუნებულის მოვალეობას მთავარი სპეციალისტი გოჩა ჯაბუა ასრულებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მუნიციპალიტეტი ამის შესახებ, ჯერ ვერ გეტყვით. სოფლის რწმუნებული უნდა იყოს სოფლის მცხოვრებთათვის მისაღები, სოფელს უყვარდეს და სოფელი უყვარდეს, ესმოდეს თითოეული ადამიანის სუნთქვა.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, ვინ გახდება სოფელ შრომის რწმუნებული.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved