(საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო) _ 2010 წლის 9 ნოემბერის გადაწყვეტილებით გონიოში მცხოვრებ 221 მოქალაქეს ერთდოულად გაუუქმდა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოწმობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიწების ჩამორთმევის მიზეზად მათი საკურორტო ზონაში მოქცევა დაასახელა. კომისია გადაწყვეტილებაში მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის დებულებებს და აღნიშნავს, რომ ამ კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთების განკარგვა/გასხვისება უნდა მომხდარიყო საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გათვალისწინებული სტრატეგიული გეგმის მიხედვით. თუმცა იქაური საკურორტო ზონის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესახებ გონიოში არავის სმენია.