(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ 24 აპრილს, კვირას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული სახალხო თამაში _ “ლელო გაიმართება. ღონისძიება 13 საათზე დაიწყება _ მოეწყობა ლანჩხუთელი ხალხური რეწვის ოსტატების, სამხატვრო სკოლის პედაგოგებისა და აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; საკუთარ ხელოვნებას აჩვენებს კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი “მხედრები”; საჩვენებელ გამოსვლას გამართავენ სპორტული ცენტრის მოჭიდავეები, გურული ცხენოსნები; შუხუთის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნება ლელობურთისადმი მიძღვნილი მემორიალი; კონცერტს გამართავს ცნობილი ანსამბლი “მგზავრები”. ტრადიციულად, ღონისძიება ლელობურთით დასრულდება.
ჩვენი ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორია მუზეუმების ცენტრის ხელმძღვანელი ლია ურუშაძე. ის წლების მანძილზე კულტურის ცენტრის დირექტორი გახლდათ, ამჯერად კი, კულტურის ცენტრის აწ უკვე ყოფილი რეჟისორის, გია ქურიძის ფუნქციებს შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ ქურიძე “ქართული პარტიაში” გადავიდა და ზემოთ ნახსენები თანამდებობის დატოვება მოუხდა.