ვაზის წამლობის პერიოდის მოახლოებასთან დაკავშირებით, გთავაზობთ სოკოვანი დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ჩემეულ სქემას.
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენს რეგიონში, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა, საჭიროა 6 წამლობა. მთავარია საიმედო, ვადაგაუსვლელი პრეპარატების შერჩევა და წამლობის ვადის ზუსტი დაცვა.
კომბინირებული ნაზავების მომზადებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატების თავსებადობა. ასევე, მნიშვნელოვანია, კონტაქტური (ზედაპირული მოქმედების) და სისტემური (მცენარეში შეღწევის უნარის მქონე) პრეპარატების სწორი მონაცვლეობა; იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დაავადებებისადმი გამძლე რასების ჩამოყალიბება, რაც საბოლოოდ იწვევს რეზისტენტობას (შემგუებლობას), სასურველია, ერთი და იგივე პრეპარატი სეზონზე არ გამოვიყენოთ ორ ჯერზე მეტად (განსაკუთრებით, სისტემური მოქმედების). ამის საშუალებას იძლევა დღეს ბაზარზე არსებული მათი მრავალფეროვნება.
სასურველია, წამლობა ჩატარდეს დილის ან საღამოს საათებში, უქარო ამინდში.
დიდი მნიშვნელობა აქვს შესხურების ხარისხს _ წამალი უნდა განაწილდეს თანაბრად; განსაკუთრებით უნდა შეიწამლოს ფოთლის ქვედა მხარე და ნაყოფი.
წამლობის დაწყების, ინტერვალების და დამთავრების ზუსტი თარიღი არ არსებობს _ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება კონკრეტულ სეზონზე და რამდენად ხელსაყრელი პირობებია დაავადებათა და მავნებლების გავრცელებისთვის. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ნაადრევ ან ნაგვიანევ გაზაფხულსაც.
ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, პირველი წამლობა ტარდება 20 აპრილიდან 10 მაისამდე, ხოლო უკანასკნელი _ აგვისტოს შუა რიცხვებში ან მის მეორე ნახევარში.
წამლობების განაწილების დაახლოებითი სქემა ასეთია:
I წამლობა _ 3-6 მოზრდილი ფოთლის ფაზა;
II წამლობა _ ყვავილობის დაწყების წინ;
III წამლობა _ ყვავილობის დამთავრებისთანავე;
IV-V წამლობები _ ისვრიმობიდან მტევნების შეკვრამდე (ტარდება III წამლობიდან დაახლოებით 2-2 კვირის ინტერვალით);
VI წამლობა _ შეთვალების დასაწყისი.
სისტემური პრეპარატების გამოყენება მოზანშეწონილია ვაზის კრიტიკული ფენოფაზაში _ ყვავილობის დაწყებიდან ისვრიმობის დასაწყისის ჩათვლით (II-III-IV წამლობები). სხვა წამლობები ტარდება კონტაქტური პრეპარატებით.
რაც შეეხება ცალკეულ პრეპარატებს, თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ არ ვაპირებ რომელიმე მათგანის რეკლამირებას. ქვემოთ დასახელებულ სოკოვან დაავადებათა საწინააღმდეგო პრეპარატებს (ფუნგიციდებს) პირადად ვიყენებ წლების მანძილზე და დარწმუნებული ვარ მათ ეფექტურობაში. ესენია:
ჭრაქის საწინააღმდეგო:
კონტაქტური _ ნეორამი, კუპროფლო, ანტრაკოლი, კოსაიდი, კუპროქსატი, ბორდოს სითხე.
სისტემური _ კურზატი, იტერალი, რიდონეტი, მელოდი-დუ.
ნაცრის საწინააღმდეგო:
კონტაქტური _ კოლოიდური გოგირდი.
სისტემური _ ტოპაზი, ფალკონი, ოლიმპი, პანჩი.
ნაცრისფერი და სხვა სიდამპლეების: ეუპარენი, რონილანი.
ბორდოს სითხეს მაღალი კონცენტრაციით (1,5-2%) ზოგჯერ ვიყენებ მხოლოდ ბოლო წამლობისას, ხოლო სიდამპლეების საწინააღმდეგო პრეპარატებს _ მეორე და ბოლო წამლობების დროს.
ცხადია, არსებობენ სხვა, შესაძლოა, ასევე ეფექტური, მაგრამ ჩემთვის უცნობი პრეპარატებიც.
კიდევ ერთი დაავადების _ ანთრაქნოზის, რომელიც ძირითადად არაქართული წარმოშობის (ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდან ინტროდუცირებულ) ჯიშებს უჩნდება, მკურნალობა პრეპარატებითაც და ვადებითაც ემთხვევა ჭრაქისას.
მავნებლების (იმერული ბალიშა ცრუფარიანა, ვაზის ჩვეულებრივი ტკიპა და სხვ.) გავრცელების შემთხვევაში მათთან ბრძოლა წარმოებს ცალკეული წამლობების დროს კომბინირებულ ნაზავში სპეციალური პრეპარატების (ინტექსიციდების) შერევით.
ჩვენს რეგიონში, ბოლო წლებში, განსაკუთრებით შეიმჩნევა ვაზის ჩვეულებრივი (ე.წ. “ქუჩისმაგვარი” იგივე “გალებიანი”) ტკიპის გავრცელება. ისინი სხედან ფოთლებზე ქვედა მხარეს და დაზიანებულ ადგილზე წარმოქმნიან ქუჩისმაგვარ ლაქას. ზედა მხრიდან იმ ადგილზე წარმოიქმნება გალი. ვენახში მისი კერის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი უნდა შეიწამლოს ბი-58 ან ნეორონის შერევით კომბინირებულ ნაზავში.