ბოსტნეულის უხვი, მაღალხარისხოვანი და დროული მოსავლის მიღება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა შეგვეძლოს მცენარის, მავნებელ-დაავადების და გარემოს ბიოლოგიურ სისტემაში მიმდინარე პროცესების კონტროლი, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მოსავალზე და მის პარამეტრებზე უარყოფითი ფაქტორების გავლენა და გავაძლიეროთ დადებითი ფაქტორების ზემოქმედება.
ამ მიზანს ემსახურება ბოსტანში ჩასატარებელი პროფილაქტიკურ-კომპლექსურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
_ დაავადებამედეგი ბოსტნეული კულტურების ჯიშების დანერგვა;
_ საღი, უვირუსო თესლისა და სარგავი მასალის გამოყენება. დაავადებული მცენარის ნაყოფიდან ან ასეთი ნაკვეთიდან იკრძალება თესლის აღება, შენახვა და მომავალში გამოყენება;
_ სათესლე მასალის თესვისწინა დამუშავება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით;
_ თესლბრუნვისა და ნაკვეთმორიგეობის წარმოება შესაბამისი აგრობიოლოგიური წესების დაცვით;
_ სივრცობრივი იზოლაცია შესაბამისი წესების დაცვით (მაგ. კარტოფილსა და პომიდორის შორის);
_ ნიადაგის (გრუნტის) დამუშავება და დეზინფექცია სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით (როგორც თესვისა და გადარგვის წინ, ასევე ვეგეტაციის პერიოდში);
_ ნიადაგში წყლის რეჟიმის რეგულირება და ოპტიმიზაცია;
_ გარემოში ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის რეგულირება _ მათი უცაბედი ცვლილებებისგან მაქსიმალური დაცვა;
_ მცენარეების სრულფასოვანი და ოპტიმალური კვება ნიადაგის ანალიზის (საკვები ელემენტებისა და რეაქციის განსაზღვრა) საფუძველზე, მიკრო და მაკროელემენტების შემცველი სასუქების გამოყენება;
_ მცენარეების რაციონალური სიხშირე;
_ ნაკვეთში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა _ დაავადებული მცენარისა და დაზიანებული ნაწილების მოცილება, მათი ნაკვეთიდან გადატანა და განადგურება, გამოყენებული ინვენტარის სისტემატური დეზინფექცია და ა.შ.;
_ სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა;
_ მწუწნავი მავნებლების (ტკიპები, ბუგრები, თრიფსები), როგორც ვირუსების გადამტანთა წინააღმდეგ სისტემატური ბრძოლა;
_ სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა ფუნგიციდების გამოყენებით მცენარეთა ფიტოსანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით.
კომპლექსური პროფილაქტიკური ღონისძიებათა სისტემის ჩატარება უხვი მოსავლის მიღების გარანტიაა.
ნუგზარ თავართქილაძე, აგრონომი