(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 28 აპრილს, ოზურგეთში, შემოქმედელი მიტროპოლიტის მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით და რადიო “გურიანის” ორგანიზატორობით პასქის ფესტივალი ჩატარდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, პასუხი ვერ მივიღეთ კითხვებზე, თუ ვის ეკუთვნის ეს რადიოკომპანია, რომელ სიხშირეზე აპირებს მაუწყებლობას და რა შინაარსისა იქნება იგი.
ოზურგეთის ჭადრების ბაღში დღის ორი საათისთვის 22-მა კონკურსანტმა მოიყარა თავი და თავიანთი ნამუშევარი წარმოადგინა, მათგან ჟიურიმ საუკეთესოები გამოარჩია.
ფესტივალი შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა დალოცა და თქვა, რომ კარგია, როდესაც მსგავსი ფესტივალი ტარდება: _ ჩვენ ერთმანეთს კარგი საქმის კეთებაში უნდა შევეჯიბროთ, მივესალმები პასქის ფესტივალის წამოწყებას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მრავალ აღდგომას დაესწარით, ქრისტე აღდგა! _ ბრძანა მეუფე იოსებმა.
მამა ბასილმა ისაუბრა პასქის მნიშვნელობაზე: _ პასქა, რომელსაც ქრისტიანები მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად აცხობენ, სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ქრისტე. ფორმით კი არტოსს წააგავს _ სადღესასწაულო პურს, რომელსაც ეკლესიაში აღდგომის დღეებში არიგებენ, თუმცა, მისგან განსხვავებით, საკმაოდ ტკბილი და ნოყიერია. სააღდგომო პასქაში აუცილებლად უნდა იყოს ბევრი ქიშმიში, სანელებლები და ცხიმი _ ეს არის იმ დიდი დღესასწაულის ხორციელი გამოხატულება, რასაც კაცობრიობა აღდგომის ბრწყინვალე დღეებში განიცდის.
აღსანიშნავია, რომ 22 კონკურსანტს შორის, ორ ოპოზიციონერ ქალბატონს _ მარინე სუნგულიას და ნანი ჭანუყვაძის, დამთვალიერებელთა აზრით, მართლაც რომ ორიგინალურობით გამორჩეული ნამუშევრები ჰქონდათ წარდგენილი. თუმცა, მათ ვერც ერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვეს.