(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 28 აპრილს, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში მოეწყო საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით _ “ჩვენც დავბერდებით”, რომელმაც უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს უმასპინძლა.
სამრევლო სკოლას 50-მდე ადამიანი ესტუმრა, რომლებსაც ამ სკოლის მოსწავლეები ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
სტუმრები კმაყოფილებასა და მადლიერებას გამოხატავდნენ აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი:
_ დიდი ხანია, ამდენი სითბო და ყურადღება არავის გამოუჩენია ჩვენ მიმართ. მადლობა გვინდა გადავუხადოთ აქციის ორგანიზატორებს, ამ ბავშვებს, რომლებმაც ჩვენი ნაღვლიანი ცხოვრების ერთი დღე ძალიან გაგვილამაზეს. ღმერთმა ქნას, მოუმრავლდეს ჩვენს ქვეყანას კეთილი ადამიანები. უფალმა შეგიწიროთ, _ ამბობენ ისინი.
ტრაპეზის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა სანდრო ქავთარაძემ, ვიოლეტა მგალობლიშვილმა, ანა კალანდაძემ, მარი ახალკაცმა და სხვებმა სტუმრებისთვის საგანგებოდ მომზადებული კონცერტი გამართეს, ბოლოს კი ყველა მათგანს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს. მოსწავლეებმა საჩუქრები გაუგზავნეს იმ 33 ბენეფიციარსაც, რომლებმაც აქციაზე მოსვლა ვერ შეძლეს.
ორგანიზატორების თქმით, აქცია ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს გაიმართება.