(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ ხუთშაბათს, ლანჩხუთში მეტად საინტერესო შეხვედრა გაიმართა _ “გურიამ” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერსა და საქართველოს თასის ფინალისტ “გაგრას” უმასპინძლა. შეხვედრას ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა _ სტუმრებს მოგება ელიტლიგასთან კიდევ უფრო მიაახლოებდა, ხოლო გურულებს რევანში ჰქონდათ ასაღები წინა წრეში განცხდილი მარცხისთვის. თან ჩვენებურებს დასამტკიცებელი ჰქონდათ, რომ ლიდერებთანაც შეუძლიათ თამაში და ფაქტობრივად განახევრებული “გურია” შემთხვევით არ არის პირველ ექვსეულში. ლანჩხუთელები პირველ წრეში სამეულშიც იყვნენ და ფინანსები რომ ყოფილიყო, “გურია” დღეს “გაგრის” მთავარი კონკურენტი იქნებოდა. მატჩს ინტრიგას ისიც მატებდა, რომ სტუმართა უკრაინელი თავკაცის, ანატოლი პისკოვეცის თანაშემწე, “გურიის” ლეგენდა, კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მობურთალი თემურ ჩხაიძე გახლავთ; გუნდში მუშაობს წარსულში “გურიის” ასევე ლეგენდარული მწვრთნელი შალვა კაკაბაძეც. შეგახსენებთ, რომ იგი 25 წლის მანძილზე წვრთნიდა “გურიას”, ფეხბურთელობის გარდა, კლუბში მწვრთნელად თემურ ჩხაიძესაც უმუშავია.
რა თქმა უნდა, “შინაური ადამიანების” გამოჩენამ ზოგს ეჭვი გაუჩინა, “გურია” ხომ არ დაუთმობდა მეტოქეს 3 ქულას, თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ის, რომ გურული კლუბები გარიგებულ შეხვედრებზე უარს ამბობენ, თუნდაც ბოლო გურული დერბიდანაც ჩანს _ მიუხედავად იმისა, რომ გურულ ფეხბურთში კახა ებრალიძის მმართველობისას დაპირისპირება წარსულს ჩაბარდა, “გურიამ” საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფ “მერცხალს” ლანჩხუთში უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა.
დავუბრუნდეთ ბოლო შეხვედრას. უნდა ითქვას, რომ “გურიამ” მეტოქე, ფაქტობრივად, უშანსოდ დატოვა. საერთოდ ვერ იფიქრებდით, რომ ჩვენებურები თასის ფინალისტს და გათამაშების ლიდერს ეთამაშებოდნენ _ გეგონებოდათ, რომ “გურიის” მეტოქე აუტსადერი გახლდათ! ცოტა გასაკვირი კი არის, როგორ გააღწია თასის ნახევარფინალამდე ან როგორ ლიდერობს გუნდი, რომელსაც გაახალგაზრდავებულ “გურიასთან” რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია?! უმეტესად ჩვენებურები უტევდნენ და შეიძლება ითქვას, უპირატესობასაც მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი კვიტაიშვილმა გაგა დეისაძის მოცელვისთვის დანიშნული პენალტით მატჩის დასაწყისშივე გაიტანა.
აშკარად გამოჩნდა ისიც, რომ ირაკლი ფაცურიას ტაქტიკურმა მონახაზმა აშკარად აჯობა უკრაინელი კოლეგისას _ “გაგრამ” გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო. მართალია, მასაც აკლდა რამდენიმე წამყვანი მობურთალი (ისინი მოგვიანებით ჩართო თამაშში, სავარაუდოდ, დაასვენა), მაგრამ “გურია” უფრო მძიმე დღეში იყო _ გუნდს წამყვანი მობურთალები ტარიელ და რევაზ კუკულაძეები აკლდა. გურულთა თავკაცმა ისინი ახალგაზრდებით შეცვალა, რამაც გაამართლა კიდეც _ მეთორმეტეკლასელი გიგა ჭეიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული კი ვანო კილაძე გახლდათ, დაცვის ხაზს კი ჩინებულად უხელმძღვანელა ჯემიკო გოგიბერიძემ.
მატჩის ბოლოსკენ, არაფერი რომ არ გამოსდიოდათ, სტუმარ მობურთალებს ნერვებმა უმტყუნათ, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ამ მოგებით “გურიამ” კარგი საქმე გაუკეთა “მერცხალს” _ ოზურგეთელთა მეტოქე “ჭიათურასთან” ბოლო ტურში ლიდერს I ადგილი განაღდებული არ ექნება და იმერლებს იოლი გასეირნება არ ელით. ჩვენებურები ბოლო ტურში წალენჯიხაში 0:3 დამარცხდნენ და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. მომდევნო ტურში, “მერცხალი” მატჩს 16 მაისს, საკუთარ მოედანზე გამართავს და “გორს” უმასპინძლებს (გორელებს მესამეზე გასვლა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ გადათამაშებაში თამაში სურთ). წარუმატებლობის შემთხვევაში, ჩვენებურებს ლიგის დატოვების საფრთხე დაემუქრებათ, რადგან ოთხივე კონკურენტს თითო თამაში თადარიგში აქვთ. “მერცხალს” კი, “გორის” შემდეგ, ხარაგაულში “ჩხერიმელასთან” რთული სტუმრობა ელით. ამ დროისთვის ჩვენებურებს 31 ქულა აქვთ და მეტოქეებს 3 და 5 ქულით უსწრებენ, თუმცა, თუ “მერცხალმა” ორივე მატჩი წააგო, კონკურენტებს 3 თამაშიდან 2-2 მოგება აწყობთ. მართალია, მოვლენების ასე განვითარება არცთუ მოსალოდნელი უნდა იყოს, თუმცა ეს არ აძლევთ ჩვენებურებს დამშვიდების საშუალებას _ “მერცხალი” სხვათა იმედზე ვერ იქნება, დარჩენილ 2 შეხვედრაში ერთი მოგებაც ჰყოფნის და შესაძლოა, ფრეც საკმარისი აღმოჩნდეს.