ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თბილისში, აქციის დარბევის თუ მიმდინარეობისას დაკავებულ მოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონის პოლიციის სამმართველოებში აგზავნიან. სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე ვრცელდება ინფორმაცია 26 მაისს, პარლამენტის წინ მიტინგის დარბევის შემდეგ დაზარალებულთა და დაკარგულთა შესახებ. ამ დროისთვის დაკარგულად 50-მდე მოქალაქე ითვლება.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს, რაიონულ სამმართველოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე დაკავებულია მოთავსებული და მათ სათანადო “ფილტრაციის” შემდეგ გაათავისუფლებენ, ან აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ.
წყაროს თქმით, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში აქციაში მონაწილე 10-მდე პირია დაკავებული, აქციის მონაწილეები ლანჩხუთის რაიონულ სამმართველოშიც არიან. როგორც წყარო განმარტავს, ამის მიზეზი, საქართველოს სხვა ქალაქებში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორების გადატვირთვა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია აქციის მონაწილე 90-მდე პირი, რომლებასაც წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.