საქართველოში ყველაფერი ისე ხდება, როგორც მიხეილ სააკაშვილს სურს. აშკარაა, რომ ჩინოსნები უბრალო საკითხზე შელაპარაკებასაც კი ვერ ბედავენ. თუ წესითა და კანონით ვიხელმძღვანელებთ, რაც საქართველოში უცხო ხილია, ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა სულაც არ უნდა იყოს “მიშას ჩინოსანი”, მაგრამ აბა თავად სიჭინავას ჰკითხეთ _ სიტყვასაც არ ძრავს, თუ პრეზიდენტი და სახელმწიფო დახმარება არ ახსენა _ რას იზამ, როცა “სკამზე დაგსვამენ”, “დამსმელს” ვალიც უნდა გადაუხადო.
აბა, სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ ზვიად სიჭინავას ჯერ ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებული ჩაწყობილი თამაშების სკანდალი ვერ მოუნელებია და ქართულ ფეხბურთში დიდ გადატრიალებას გეგმავს. არადა, პატივცემულმა სიჭინავამ ფედერაციაში მისვლისთანავე განაცხადა, რომ დადგენილი წესდებისა და დებულების შეცვლას, შესაბამისად, გუნდების დამატებას არ აპირებდა! ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სიჭინავამ რაზეც თავი გაიგიჟა შარშან, წელს თავად გამოვიდა იმის ინიციატორად, სწორედ საქართველოს პრეზიდენტის სურვილია.
ბათუმში ყოფნისას, წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან იგეგმება ბათუმის “დინამოს” უმაღლეს ლიგაში გადასვლა და ამ ქალაქში სტადიონის მოწყობა _ ამ საქმის “მოკვარახჭინებაში” მოწადინებული თავად სააკაშვილი ყოფილა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ქუთაისის სტადიონის გახსნისას, პრეზიდენტმა სიჭინავას შეახსენა, რომ შემდეგი ბათუმისა და ფოთის სტადიონები უნდა ყოფილიყო. მან ასევე დაავალა სფფ-ის თავკაცს გრიგოლეთის ბაზის მიხედვა. სიჭინავამ აქამდე ვერც ერთი დავალება ვერ შეასრულა _ არც ფოთსა და ბათუმში აგებულა ახალი სტადიონები და არც “გურიასა” და მის ბაზას გამოჩენია პატრონი. ბათუმში რომ სტადიონი ვერ გაკეთდა, ამაში მხოლოდ იგი არაა დამნაშავე _ ლევან ვარშალომიძემ ვერა და ვერ გაიმეტა სტადიონისთვის ადგილი. როგორც ამბობენ, აჭარის მთავრობაში გადაუწყვეტიათ, ქობულეთში გავაკეთოთ სტადიონი და ბათუმის გუნდმა იქ ითამაშოსო(?!). ალბათ, ყველაფერი აქეთკენ წავიდოდა, რომ არა სააკაშვილის აღშფოთება _ როცა მას სიჭინავასთვის შეუხსენებია ბათუმის სტადიონი, სფფ-ს ბოსს უთქვამს, სამომავლოდ გადმოვიყვანთ ბათუმს უმაღლესში და სტადიონიც იქნებაო. აღშფოთებული სააკაშვილი ვარშალომიძეს დატაკებია, გუნდი უმაღლეს ლიგაში კიდევ არ არისო? როგორც ამბობენ, მიშას ვარშალომიძე შემოლანძღვია _ რა გახდა ეს ბათუმი, აქამდე თავი როგორ ვერ მოაბით ამ საქმეს. ამდენ რამეს ვაკეთებთ ქალაქში და ან სტადიონი რა გახდა, ან კლუბის შენახვაო?! ცხადია, ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ჰოდა, სიჭინავამ ვარშალომიძის “გადასარჩენად” და სააკაშვილის გასახარად ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჩაწყობილი თამაშების სკანდალი ლამის მონაგონი გახდა _ სფფ-ის ბოსი ადგა და ჩემპიონატის დებულება ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე შეცვალა, რითაც დასკვნითი ტურების ყველანაირი ინტრიგა მოკლა _ ახალი დებულებით, უკვე წლის ბოლომდე დაკავებული ადგილის მიხედვით, უმაღლეს ლიგაში მოხვედრა ბათუმელებსაც შეეძლებათ!
არადა, გუნდების რაოდენობის გაზრდას სპეციალისტები უარყოფითად აფასებენ _ ისინი და კლუბების ნაწილი ფედერაციას დაუპირისპირდნენ _ თუ ასეთ რამეს აკეთებდით, ჩვენ რატომ არ ჩაგვრთეთო. სიჭინავა პრეზიდენტის საამებელი საქმით ისე გაერთო, გადაავიწყდა, რომ 10-გუნდიანი ჩემპიონატი კინაღამ ჩაეშალა და 12 გუნდისთვის სპონსორის მოძებნა გაუჭირდება, არც სტადიონები გვაქვს და აგვისტომდე ვერც გაკეთდება! თანაც, უმაღლეს ლიგაში თამაშების გაზრდილი რაოდენობა ტოტალიზატორების დაინტერესებას და შედეგების მანიპულირების უკეთეს საშუალებას იძლევა. ქართული ფეხბურთის მესაჭე კითხვაზე, საქართველოში მხოლოდ 2 სტადიონი ვარგა, დანარჩენი კი ზუგდიდიდან დაწყებული ბოლნისის ჩათვლით, ყანას ჰგავს და რისი იმედი გაქვთო, ირონიულად პასუხობს: ყანაში რამეს დავთესავთ და ბიზნესს გავაკეთებთო!
_ მაშინ მესამე კარი დააყენეთ სტადიონზე და მსაჯებს უთხარით, თამაში 10 წუთით ადრე დაამთავრონ, ან რამე მოიგონონ. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი! _ ასე გაალანძღვინა თავი ზვიად სიჭინავამ ქვეყნის ჩემპიონის, “ზესტაფონის” პრეზიდენტს ილია კოკაიას. თუმცა, კოკაიას ლანძღვას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, პრეზიდენტი იყოს კმაყოფილი. რა თქმა უნდა, სიჭინავა არ იტყვის, რომ ამას სააკაშვილის საამებლად აკეთებს, თუმცა, არც იმას მალავს, რომ ეს გადაწყვეტილება “სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო” მიიღო: “სახელმწიფოსთან მოლაპარაკება უკვე დასრულებულია _ სამი სტადიონის საფარი, მისი დახმარებით, 2011 წელს დასრულდება. 2012 წელს კიდევ ორი სტადიონის საფარი დაიგება. პლუს, კომპანია “სოკარმა” ორი მოედანი უნდა გააკეთოს და გამოდის შვიდი. უეფას დახმარებით კეთდება “მიხეილ მესხი”; დასრულდა “ვიტ ჯორჯიას” სტადიონი. საერთო ჯამში, 17 სტადიონი გვექნება კარგი მინდვრის საფარით”, _ ასე “ითვლის” სიჭინავა, რომელმაც შარშანაც ასე “წარმატებით” დაითვალა და 9 კლუბს სპონსორი “გამოუნახა”, თუმცა, ლამის ჩემპიონატი ჩაეშალა, რადგან რეალურად მხოლოდ ლაპარაკი იყო საქმის ნაცვლად. ამასაც რომ თავი დავანებოთ, 2012 წელსა და მომავალ წლებში რა მოხდება, ეს წლევანდელ, აგვისტოდან დასაწყებ ჩემპიონატს რაში წაადგება? სამაგიეროდ, “რეფორმა” სიჭინავას და ვარშალომიძეს წაადგებათ “პირველის” თვალში.