თუმცა, შუა ქალაქში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის დასაწყისის ავარიული მდგომარეობა შემაშფოთებელია _ იგი სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს. აქ არა თუ ავტომობილს, ქვეითად მიმავალსაც გაუჭირდება სიარული.
იქ, სადაც მეოთხე საჯარო სკოლისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაა, შენობის ნანგრევებია და როგორც გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლები “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, ყაჩაღთა და ნარკომანთა თავშესაფარია. აქ ქვეწარმავლებიც ბუდობენ, რომლებიც იქვე მდებარე გატყიურებულ ფართობზეც, კარგად გრძნობენ თავს. ამიტომ, ბავშვების სათამაშოდ გაშვება სახიფათოა და მშობლებიც ამის გამო სამართლიან საყვედურს გამოთქვამენ. სხვა თუ არაფერი, ბავშვები სკოლაში ხომ უნდა წავიდნენ? _ ღამით ნებისმიერი ადამიანი აქ გავლას უფრთხის, _ ამბობენ ამ უბნის მცხოვრებლები. გარდა ამისა, უწყლობა და გზაზე უშუქობა აშფოთებთ და ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობენ თავს.
გოგებაშვილის ქუჩელებმა “გურია ნიუსს” დახმარებისთვის მიმართეს: _ მთელი ქუჩის მცხოვრებლების სახელით, გთხოვთ, მიიტანეთ ხელისუფლებამდე ჩვენი გასაჭირი. იქნებ, თქვენი შუამდგომლობით საშველი დაგვადგეს და აქეთ გამოიხედონ.
_ წყალი წლების მანძილზე არ გვაქვს, ქუჩა, კი ხედავთ, რა დღეშია _ საერთოდ არ გაკეთებულა. ვინ იცის, რამდენჯერ მივმართეთ გამგეობას, მაგრამ არავინ მოსულა და ამბავიც არ უკითხავს. ქალაქის ცენტრში მდებარე ქუჩას ამაზე მეტად არ უნდა მიხედონ? აქვეა სკოლა, ფოსტა, პარკი. მოპირდაპირე ქუჩაზე სასამართლოს შენობაა და იქ კი დააგეს ასფალტი. მეორე ქუჩაზე თანამდებობის პირი ცხოვრობდა და მანაც დააგო. შარშან, საარჩევნოდ დაყარეს ხრეში. გავაკეთებთო, მაგრამ _ არაფერი! ასჯერ აჩვენებენ ტელევიზიით, გურიაში გზები იგებაო, გურიის ტელევიზიითაც აჩვენეს _ თქვეს, ამ გზას გავაკეთებთო. სადაა, მერე? _ ასეთია მოსახლეობის აზრი.
_ 15 წლის განმავლობაში ნაგავში, უგზოობაში და უწყლობაში ვართ. დაწერეთ ისე, როგორც გეტყვით, რაიმე არ მოაკლოთ, ხომ ხართ დამოუკიდებელი გაზეთი? დაწერეთ, რომ ქვილორიამ, რომელიც წლების მანძილზე გამგებლის მოადგილეა, თავის სახლთან ახლოს გააკეთებინა გზა და ეს ტერიტორია ასე დაგვიტოვა. თქვენ არ იცით, წვიმის შემდეგ რა ხდება აქ _ ბავშვები ვერც სკოლაში მიდიან და ვერც ქუჩაში გაივლის ადამიანი, მანქანები შემოვლითი გზებით დადიან. ქალაქის ცენტრში რომ ასეთი გზა იქნება, რით ამაყობს ეს ხელისუფლება? სკოლის იქეთ განათება არაა; მიმდებარე პარკის გვერდით, რომელიც ქალაქის ცენტრშია, საშინელი მდგომარეობაა. კატეგორიულად ვითხოვთ, გაწმინდონ იქაურობა, _ მკაცრი ტონით საუბრობენ გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლები.
_ აქ ერთი თვის წინ დამაყაჩაღეს. არც ისე გვიანი იყო, ღამის 10 საათი იქნებოდა. მარტო ვიყავი, რატომ უნდა შემშინებოდა ქალაქის ცენტრში 200 მეტრი მონაკვეთის გავლა ჩემ სახლთან მისვლამდე? ჩემ უბანში ვეღარ უნდა გავიარო? ბავშვები დადიან სკოლაში. ხვალ შეიძლება, სხვა გაძარცვონ. ვუთხარი პოლიციას, რაც დამემართა და იცით, როგორ გაიკვირვეს? უიმე, ჩვენთან ორი წელია, ყაჩაღობა არ მომხდარა და რა მაინც და მაინც თქვენ მოგივიდათ ეს ამბავიო! აქეთ დამცინეს, ვითომ, მე ვიყავი დამნაშავე! ვუთხარი, თქვენ საქმე არ გქონიათ და აჰა, მოგეცით საქმე და გახსენით,-მეთქი. მოგვეცით რაიმე ინფორმაციაო(?). მე თუ გითხარი, ამან დამაყაჩაღა, რად მინდიხარ შენ,-მეთქი. სხვა რა საქმე აქვთ? _ გვითხრა გოგებაშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, თუმცა, ვინაობის გამხელა არ ისურვა და დასძინა, კი მიხვდებიან, ვინც ვარო.
_ ხელისუფლების წარმომადგენელი მოვიდეს და გაგვესაუბროს. ეს ხომ არ არის გუშინდელი და დღევანდელი პრობლემა? წლების მანძილზე ასე ვართ. წყალი არ უნდა გვქონდეს? რომელ საუკუნეში ვართ? ნახეთ, წვიმის მეორე დღეს რა მდგომარეობაა აქ. თვითონ არ დადიან ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გზაზე და რაში ედარდებათ? თვითმმართველობის არჩევნები რომ იყო, ლუდის ქარხანამდე ტრასა დააგეს, აი, ჩვენი ქუჩის კვეთაში. გვიხაროდა, ალბათ, ჩვენც დაგვიგებენ,-თქო, მარა გეკადრება? გაიარეს და წავიდნენ, _ სათქმელი და სადარდელი არ ელევათ გოგებაშვილის ქუჩის მკვიდრთ.
_ თქვენი აზრით, რატომ არ დაგიგეს გზა?
_ თითქოს, ჯერ წყალი უნდა გავიდესო და მერე _ გზაო. ამოგვხადეს ლოდინში სული. ხელისუფლებაში ამ კუთხიდან (და არა ჴ ქუჩის ბოლოდან), არავინ არ მუშაობს და ეს არის მიზეზი. გამგეობიდან გვითხრეს, როცა ჩაჯდება ბიუჯეტში, მაშინვე გავაკეთებთო. არჩევნები უნდა იყოს, გზის რომ დააგონ? ისიც დაწერეთ, რომ კანალიზაციიდან გამოსული ფეკალური მასა სასმელ წყალში ჩადის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი ავთანდილ სირბილაშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია ნამდვილად მოსაწესრიგებელია:
_ ცუდი სიტუაციაა. პარკის გვერდით როცა ცუდი გზაა, ის მტვერი, რაც ყველა მანქანის გავლის შემდეგ დგება, აქ შემოდის. იმტვერება ყველაფერი, კვდება ყვავილები და ბალახები. ეს მარტო ჩვენ არ გვაწუხებს _ ეს პრობლემა ნამდვილად დგას და აწუხებს მოსახლეობასაც. რაც შეეხება იმ დანგრეულ შენობას, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ, რომ დანაშაული ჩაიდინონ, თავშესაფრად ნამდვილად არგიათ. შეიძლება, მოხდეს ათასი უბედურება და ხდება კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ პატრული მორიგეობს. ეს შენობა არის ნარკომანების უნიკალური თავშესაფარი. ამას მე ღიად ვიტყვი. აქ, სადაც სკოლაა და ქალაქის ცენტრია, ბავშვთა პარკი მდებარეობს და თქვენ თავად განსაჯეთ, რამდენად შემაშფოთებელია ასეთი ყოფა. რაც შეეხება პარკს, შიგ არაფერი ხდება ცუდი და ყველაფერი მოწესრიგებულია, _ გვითხრა სირბილაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ლავრენტი ქვილორიამ ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა და ხელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილისკენ, მიხეილ გოგოტიშვილისკენ გაიშვირა:
_ მე არ მეხება ინფრასტრუქტურა, წყალი, გზა და ა.შ. მიმართეთ მიხეილ გოგოტიშვილს.
_ ბატონო ლადო, გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლები პრეტენზიას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გზა თქვენი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთეთ, ანუ ქუჩის ბოლოში. დასაწყისი კი დატოვეთ.
_ შეამოწმეთ, სად არის დაგებული და სად _ არა. რამდენიმე წელია, გზა არ გაკეთებულა. არ დაწეროთ ცალმხრივად, გადაამოწმეთ კარგად. რასაც ქუჩაში გაიგონებთ და ხალხი გეტყვით, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთ.
_ ჩვენც ამიტომ მოვედით თქვენთან ინფორმაციის გადასამოწმებლად. ხალხი ქუჩაშია გამოსული და არ დავუჯეროთ? ისინი ამბობენ, რომ საარჩევნოდ თქვენი დაკვეთით დააგეს გზა.
_ შეგიძლიათ, ნახოთ, ერთი ორმული შეკეთებაც თუ დავუკვეთე მე საარჩევნოდ.
_ რა აზრის ხართ გოგებაშვილის ქუჩის დასაწყისის ავარიულ მდგომარეობაზე, სადაც მეოთხე საჯარო სკოლაა? როგორც იქაურები ამბობენ, იქ მდებარე დანგრეული შენობაში ნარკომანების, ყაჩაღების და გველების ბუდეა.
_კი, ბატონო, ნამდვილად ცუდი სიტუაციაა და არა მარტო მაქ, ასევეა სულხან საბა ორბელიანის ქუჩაზეც.
_ ვის ეკუთვნის ის დანგრეული შენობა?
_ ვერ გეტყვით, ვისი საკუთრებაა. მიმართეთ საჯარო რეესტრს.
რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილი მესტიაში იმყოფებოდა, ამიტომ “გურია ნიუსთან” კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის და ურბანიზაციის კომისიის თავმჯდომარემ თამაზ სალუქვაძემ გააკეთა:
_ გამოყოფილია თანხა _ ერთი მილიონი ლარი. აქედან 755 000 ლარი წავიდა გზაზე. 150 000 _ გადახურვებზე, 15 000 _ განათებებზე. საკანალიზაციო არხებზე _ 80 000 ლარი. მე გთხოვთ თქვენ _ პირადად ჩემგან გადაეცით იმ ქუჩის მცხოვრებლებს, რომ დაწერონ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ალეკო მამეშვილის სახელზე, რომელიც მე დამეწერება და განვიხილავ ამ საკითხს გამგეობასთან ერთად. ჯერ თანხა ჩამორიცხული არ არის და არაა გვიან. მდგომარეობას შევამოწმებთ ადგილზე და ყველაფერს დადებითად გადავწყვეტთ, _ გვითხრა სალუქვაძემ.