ოთხშაბათს, 8 ივნისს, დაბა ურეკის კულტურის სახლში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გასვლითი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში რვა საკითხი იყო გათვალისწინებული, რომლის განხილვის დროს, აშკარად გამოიკვეთა ორი მიმართულება: ბიუჯეტში ცვლილება, ძირითადად, უკიდურესად გაჭირვებულთა დასახმარებლად უნდა მოხდეს და ურეკში დამდეგი საკურორტო სეზონისთვის სერიოზული სამზადისია საჭირო, დამსვენებელთა მაღალ დონეზე მომსახურებისა და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
იდეა გასვლითი სხდომის სიმბოლიზაციისა, ალბათ, “ზემოდან” უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი თუ არა, ნასაზრდოები მაინც, რადგან იმავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოს რეგიონში მორიგ შეხვედრას “ლაივში” წარმართავდა.
საყურადღებოა, რომ იმდღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა ლაიტმოტივად წაუმძღვარა პრინციპი: ბიუჯეტში ნებისმიერი ცვლილების დროს, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი უნდა იყოს სოციალური დახმარების გაზრდა, რადგან უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისგან 905 განცხადებაა შემოსული, დაკმაყოფილებული კი 175-ია.
სხდომაზე არ ჩანდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რის შესახებაც ლელა ნაცვალაძემ “გურია ნიუსს” უთხრა, რომ არსად არ მეძახიან და არც ამ ბიუროს სხდომის შესახებ ვიცოდი რაიმე, მართალია, ბიუროს წევრი არ ვარ, მაგრამ შეიძლებოდა ვყოფილიყავიო. აქ არც “თავისუფალი დემოკრატი” თემურ სალუქვაძე ჩანდა. ღია ფანჯარასთან იჯდა ერთადერთი “ქრისტიან-დემოკრატი”, ბიუროს წევრი კახა ღლონტი.
სხდომა, რომელსაც საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა გახსნა, კულტურის სახლის დირექციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა სპეციფიკური ხასიათისაა, იწყება საკურორტო სეზონი, რომლის ირგვლივ გაიმართება დისკუსია. აგრეთვე, განსახილველად მომზადებულია სხვადასხვა პროექტები, რომლის ირგვლივ მსჯელობა უნდა მოხდეს და გაირკვეს, მომავალი კვირის ოთხშაბათს დაგეგმილი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში, რომელი საკითხი უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ალეკო მამეშვილმა პირველ საკითხზე სასაუბროდ სიტყვა გადასცა მუნიციპალიტეტის გამგებელს გია ტაკიძეს.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე ტაკიძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი, აუცილებლობიდან გამომდინარე შედგა: _ ჯერ არ არსებობს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა, ამიტომ ცვლილებები უნდა მოხდეს შიგნით, _ თქვა მან, _ არსებობს მუხლები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივად გამოვიყენოთ, მოხდეს გადაადგილება, ზოგან გამოაკლდეს თანხა, ზოგან _ დაემატოს.
ტაკიძემ დააკონკრეტა არაერთი პრიორიტეტი, რომელთა გამოც, აუცილებელი გახდა მიმატება-გამოკლება. ასე მაგალითად: _ სოციალურად დაუცველ ადამიანთა განცხადებები სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. ამიტომ, 2011 წლის ბიუჯეტით, გამგეობის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური რემონტისთვის გათვალისწინებული 24 700 ლარი, გადატანილი უნდა იქნეს გაჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დახმარების მუხლში. სამედიცინო სასწავლებლის რემონტისთვის გამოყოფილი იყო 60 000 ლარი, თუმცა, ჩატარებული ტენდერის შედეგად, ეკონომიამ 18 000 ლარი შეადგინა, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ღონისძიებების და საცხენოსნო კლუბ “მარულას” დასაფინანსებლად გადამისამართდება.
გამგებლის განმარტებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაზუსტებულ ვარიანტში არა ერთი პრიორიტეტია გამოკვეთილი: დაბა ურეკის წყალმომარაგებას დაემატა 768 ლარი; ბახვის თემში გზის შეკეთებას გამოაკლდა 2 821 ლარი; გურიანთის, მერიის, მთისპირის, სილაურის და ნაგომრის საყანე ფართობების შესაღობი მასალის შეძენას დაემატა სხვადასხვა რაოდენობის თანხა.
ითქვა ოზურგეთის დრამატული თეატრის დაფინანსებაში 30 000 ლარის გადატანის შესახებ, რადგან აუცილებელია მუსიკალური აპარატურის შეძენა. თეატრს გამუდმებით უხდება ამ საშუალებების დაქირავება, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე ამირან გირკელიძემ ისაუბრა. საკითხი შეეხებოდა 2011 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებებსა და დამატებებს. მანაც აღნიშნა, რომ ეს პროექტი არა ბიუჯეტის ცვლილებას, არამედ ბიუჯეტში ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, სოციალური დახმარების მეექვსე პუნქტში არის სიახლე _ გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შეტანილი უნდა იქნეს სტრუქტურული ცვლილებები, რაც ითვალისწინებს მათთვის დახერხილი ხის მასალის, შიფერის, კარებისა თუ ფანჯრების გადაცემას.
თამაზ სალუქვაძემ შეკრებილთ დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი გააცნო _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის “აიპ”-ის “კომუნალური მომსახურების ცენტრის” დაფუძნების შესახებ, #56 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ.
ცვლილების მიხედვით, კომუნალურ ცენტრს უფლებამოსილება გაეზარდა _ ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შემოიღოს სხვადასხვა სახის მომსახურების ტარიფები, გადასახადები. ცენტრის დაფინანსების წყარო ოზურგეთის მუნიციპალიტეტია. მას საშუალება ექნება, დაეხმაროს გაჭირვებულ მოსახლეობას; ომის ვეტერანებსა და ლტოლვილებს არ ექნებათ გადასახადი დაკრძალვის დროს, ეს დანაზოგი კი სასაფლაოს გაკეთებას მოხმარდება.
თავმჯდომარის მადლობა ორ ქალბატონს
ალეკო მამეშვილმა, სხდომის მიმდინარეობისას, ყურადღება შეაჩერა მეოთხე საკითხზე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აიპ-ის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ.
_ ეს ის საკითხია, რომელმაც წარმატებით იმუშავა. მტკივნეული იყო გადასახადის შემოღების საკითხი, თუმცა, მშობელმა დაინახა, რა ხმარდება მის შვილს, რომ ბავშვი კარგ გარემოშია, _ თქვა მან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს მაკა ჭყონიას სთხოვა, კონკრეტულად ესაუბრა ახლადშექმნილი, მაგრამ წარმატებული სამსახურის შესახებ. ქალბატონმა მაკამ თქვა, რომ “ერთი წელიც არ არის, რაც ეს ცენტრი შეიქმნა. თუმცა, არა ერთი წარმატებული სამუშაო გახორციელდა: ნატანების და შემოქმედის ფილიალებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა წყალგაყვანილობა, წყლის მრიცხველები დამონტაჟდა ქალაქის რვა ფილიალში. ასევე, რამდენიმე ფილიალს შეუძინეს მაცივარი, წყლის ტუმბოები. ლტოლვილთა ბავშვები გათავისუფლებულნი არიან გადასახადისგან, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები შეღავათით სარგებლობენ”.
ნათია ვაშალომიძემ ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მან თქვა, რომ “დღეისთვის დახარჯულია 314 000 ლარი. 9 მაისის ღონისძიებისთვის დაიხარჯა 17 000 ლარი”. აგრეთვე, ისაუბრა მრავალშვილიანი ოჯახების, დევნილთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა და უპატრონო მიცვალებულთა დახმარების შესახებ.
ალეკო მამეშვილმა განსაკუთრებით შეაქო ამ ორი ქალბატონის მუშაობა და საგანგებო მადლობაც მოუხადა მათ.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ დანარჩენ საკითხებზე თეა ლომჯარიამ ისაუბრა, რაც ძირითადად დადგენილებებს შეეხებოდა.
როგორ მუშაობს სექსტეტი
საკრებულოს გასვლითი სხდომა რომ ძირითადად საკურორტო სეზონის დაწყებას უკავშირდებოდა, ალეკო მამეშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა და განსაკუთრებული მზადყოფნა 6 სპეციალური სამსახურისგან მოითხოვა. თამაზ სალუქვაძემ თქვა, რომ აქ ყველა იყო წარმოდგენილი: წყალმაშველთა, სახანძრო, ზედამხედველობის, დასუფთავების, პოლიციის და ჯანდაცვის სამსახური. მწყობრში მდგარი სექსტეტის თითოეულ წარმომადგენელს მოსმენისთვის 3-5 წუთიანი რეგლამენტი დაუწესეს.
ურეკის პოლიციის უფროსის გელა მუჯირის განმარტებით, პოლიცია სეზონის გახსნის დღიდან იქნება მობილიზებული.
კომუნალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ მაწანწალა ძაღლების პრობლემა სერიოზულად მიიჩნია და დახმარება ითხოვა. მერე კი აღნიშნა, რომ გარე განათებასა და წყალსადენზე კი ჩატარდა სერიოზული სამუშაოები, რაც ახლაც გრძელდებაო.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ პრობლემად უსახური ჯიხურები და ზღვაზე გასასვლელის მოუწესრიგებლობა დაასახელა: _ ზოგი ბუნგალოს აშენებას ითხოვს გზის პირას, ყველგან საჭირო იქნება ადრე დილიდან პატრულირება, რომ გარემოვაჭრეებმა დასხდომა არ მოასწრონ. მათ უნდა მივუჩინოთ ცალკე ადგილი და ყველგან არ უნდა ჩამოსხდნენ, _ თქვა მან.
ურეკის დასუფთავების სამსახურის უფროსის ალეკო ხომერიკის თქმით, 15 ივნისიდან იწყებენ დასუფთავებას, დაიდგმება ასამდე პლასტმასის ურნა. სულ 25-კაციანი ბრიგადა იმუშავებს სისუფთავის დაცვისთვის. ურეკის სამაშველო სამსახურის უფროსმა ვარდენ რუსიეშვილმა 24-საათიანი მორიგეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მაშველებს სამივლინებო ხარჯები სჭირდებათო, თქვა და ამ საქმეში დახმარება ითხოვა. დაბას მოემსახურება სახანძრო დანიშნულების ერთი მანქანა. რაც შეეხება მაშველებს, ისინი ყოველდღიურად გადიან წვრთნას. როგორც აღნიშნეს, შარშან, ერთ დღეს, 52 კაცი გამოიყვანეს ზღვიდან, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
_ ცურვა თუ იცის ყველამ? _ თემურ მოქიას შეკითხვამ სხდომის მონაწილეები გაამხიარულა, რადგან შარშანდელ სეზონზე 180 კაცის გადამრჩენი რაზმის პროფესიონალიზმი საეჭვო “გახადა”.
ასე დასრულდა გასვლითი სხდომა, რის შემდეგაც მამეშვილმა ყველა მონაწილე დაბის ტერიტორიაზე მიიპატიჟა, სადაც საკურორტო სეზონისწინა სამზადისია, აწესრიგებენ გარე განათებას, ასუფთავებენ გარემოს, ღებავენ ბორდიურებს, სახლებს, ათეთრებენ ხეებს…