გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა გასული კვირის ხუთშაბათს გაფართოებული თათბირი ჩაატარა, რომელზეც სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები, ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურისა და სოციალურ საკითხთა სამსახურების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები იყვნენ მიწვეულნი. მხარის პირველმა პირმა, ხელისუფლების სამივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მკაცრი ტონით შეახსენა, რომ რაც არის დაგეგმილი 2011 წლისთვის, ყველაფერი უნაკლოდ უნდა გაკეთდეს:
_ თათბირებს ხშირად ვმართავ, მაგრამ ჟურნალისტების გარეშე. დღეს ფორმატი განსხვავებულია _ თათბირზე მედიის წარმომადგენლები გვესწრებიან, რომ მათი მეშვეობით მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას, _ თქვა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, ჟურნალისტები, ასევე, შეამოწმებენ იმ დასრულებულ სამუშაოებს, რომელიც წელს უნდა გაკეთდეს სამივე მუნიციპალიტეტში:
_ უკვე იწყება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში უამრავი სამუშაოებია ჩასატარებელი _ ეს სამუშაოები მოსახლეობის გამოკითხვების შედეგების მიხედვით შეირჩა. ყველას ხომ გაქვთ მოსახლეობის ხელმოწერები, ხომ იყავით ხალხთან და ჩაინიშნეთ, ხალხს რა სურს? _ იკითხა გუბერნატორმა.
ვალერი ჩიტაიშვილის მკაცრ შეკითხვებზე სამივე რაიონის წარმომადგენლებმა, ზოგმა თავის დაქნევით, ზოგმა კიდევ სიტყვიერი თანხმობით დაადასტურეს, რომ ნამდვილად არსებობს ანკეტები, რომელიც, გუბერნატორის თქმით, ჟურნალისტებისთვისაც იქნება მისაწვდომი და შეეძლებათ, გადახედონ მას.
შეხვედრაზე ჩიტაიშვილი ტურისტული სეზონის საკითხებსაც შეეხო და თქვა, რომ, მაგალითად, ურეკში ყველაფერი ერთ კვირაში მზად უნდა იყოს, დავალება კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გიორგი ტაკიძეს მისცა. გარდა ამ დავალებისა, ტაკიძემ სხვა საკმაოდ ბევრი დავალებაც მიიღო მიიღო.
_ ერთ კვირაში აუცილებლად ჩამოვალ ჟურნალისტებთან ერთად ურეკში. ვნახავ, რა იქნება გაკეთებული. ასევე, ყველასთან მივალ. დღევანდელ შეხვედრაზე ხშირად მესმოდა, რომ ბევრი კარგი საქმე კეთდება. ჟურნალისტები ინიშნავენ ამ ყველაფერს და კიდევაც შეამოწმებენ, _ გააფრთხილა გუბერნატორმა გურიის ხელისუფლების წარმომადგენლები.
მისივე თქმით, ურეკში გაიხსნება საინფორმაციო ცენტრი, რომელიც დამსვენებელს მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას არა მარტო გურიაში, არამედ აჭარაში არსებული კურორტების შესახებაც.
მან, აგრეთვე, ისაუბრა 2011 წლის გურიის მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდენციებზე, დაგეგმილი ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობაზე, წყლის მიწოდების მდგომარეობაზე ქალაქებსა და სოფლებში, გაზიფიცირებისა და ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიმდინარეობაზე; მიმოიხილა ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური პროგრამები.