ბოლო ორი კვირის მანძილზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ღამის მატარებელი _ “თბილისი-ოზურგეთი-თბილისი” ოზურგეთში დაგვიანებით ჩამოდის.
დღეს, შეფერხების მიზეზი ავარია გახდა _ ხარაგაული-ხაშურის მონაკვეთზე, სატვირთო მატარებლის შემადგენლობის საწვავით შევსებულ ცისტერნებს ცეცხლი მოედო.
“გურია ნიუსი” “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკაშირდა, საიდანაც გვაცნობეს:
_ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით, ირკვევა თუ რატომ მოედო ცეცხლი ბენზინით სავსე ვაგონებს. დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, კითხვები გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე და ოფიციალურად გიპასუხებთ.
ამ დროისთვის, ( 4 ივლისი, დილის 12 საათი), სამგზავრო მატარებელი “თბილისი-ოზურგეთი-თბილისი” ოზურგეთში არ ჩამოსულა. ჩვენი ინფორმაციით, მატარებელი ოზურგეთში საათნახევარში ჩამოვა.
4 ივლისს, “ოზურგეთი-თბილისი-ოზურგეთი” ჩქაროსნული მატარებლის დილის რეისი, ოზურგეთიდან არ გასულა.
მატარებლის დაგვიანების გამო, შეფერხდა გაზეთ “გურია ნიუსის” ორშაბათის ნომრის მკითხველისთვის დროულად მიწოდება.