ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე რვა ძირითადი და ორი რიგგარეშე საკითხი ოთხშაბათს, 6 ივლისს განიხილეს.
საკითხების განხილვის დაწყებამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა თემურ სალუქვაძემ სიტყვით გამოსვლა ითხოვა: "ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, რომელიც ეხება კონფესიებისადმი სტატუსის მინიჭების საკითხს, ცხადყოფს, რომ არსებული ხელისუფლება, "ნაციონალური მოძრაობა", თავისი ქმედებებით ავლენს არაქართულ, არასახელმწიფოებრივ ხასიათს. უგულებელყოფილია საქართველოს ეკლესიის, კათოლიკოს პატრიარქის წინადადება. პარლამენტმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება, როგორც საქართველოს დედა ეკლესიის, ასევე სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, დაუშვებელია საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე", _ აღნიშნა სალუქვაძემ.
მან კოლეგებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა, თუმცა, დეპუტატებმა იმ მოტივით, რომ არაფერი სმენიათ აღნიშნული კანონის შესახებ მოსაზრებების დაფიქსირებიდან თავი შეიკავეს.
ოპოზიციონერის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა სალუქვაძეს, მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩიეს.
ტაკიძემ და მამეშვილმა საკრებულოს მუშაობის ერთი წელი შეაჯამეს და არაერთ "წარმატებულ" პროექტზე რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრეს.
თუმცა. ოპოზიციონერმა ლელა ნაცვალაძემ თავის გამოსვლაში საკრებულოს წევრებს ცხვრები უწოდა, რამაც კდიევ ერთი დაპირისპირება გამოიწვია აღნიშნულ ორგანოში.