ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის გამომძიებლები, დასუფთავების სამსახურის ფუნქციონირებისთვის საჭირო საწვავის შეძენა-გახარჯვის დოკუმენტაციით დაინტერესდნენ. წყაროს თქმით, საუბარია საწვავის არამიზნობრივად გახარჯვაზე, კონკრეტულად კი _ 100 000 ლარზე.
კურდღელაშვილი აღნიშნულ სამსახურს, რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს. დასუფთავების სამსახური, ბოლო ორი წელია, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მანამდე კი ის ცნობილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდებოდა, რაც დამფინანსებელს უფრო ძვირი უჯდებოდა, ვიდრე დღეს ადგილობრივ ბიუჯეტს უჯდება.
წყაროს ინფორმაციით, კურდღელაშვილის შემცვლელად გურიის გუბერნატორის მოადგილის ლელა თავართქილაძის სიძე, ზაზა მიქატაძე მოიაზრება. “გურია ნიუსმა” ამ ფაქტის გადამოწმება თავად ზაზა მიქატაძესთან სცადა _ ის გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და მსგავს ფაქტს აბსოლუტურად გამორიცხავს. მიქატაძე ამჟამად ააიპ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრშია დასაქმებული.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, თუ რამდენი ლარით ფინანსდებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასუფთავების სამსახური, თუმცა, პასუხის გამცემი, კომპეტენტური პირი, აღნიშნულ სამსახურში არავინ აღმოჩნდა. ბუღალტერი ნინო ინწკირველი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე პასუხს ვერ გაგვცემს. ჯერჯერობით, მათთვის გაურკვეველია, რა მიზეზით დააკავეს სამსახურის უფროსი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ააიპ “დასუფთავების სამსახურის” ოზურგეთის უბნის უფროსი ტარიელ ჟღენტი:
_ არ ვარ საქმის კურსში.
_ ვინ იქნება საქმის კურსში?
_ ბუღალტერი, სხვა არავინ. არაფერი არ ვიცი თანხების შესახებ. ეგ რა დასამალია, დოკუმენტები არსებობს, ხომ? არ ვიცი და შეცდომაში ხომ ვერ შეგიყვანთ?
_ ბატონო ტარიელ, უფროსის დაკავების შემდეგ ასრულებს თუ არა სამსახური თავის ფუნქციას?
_კი, ქალაქი სუფთავდება, ბუნკერები იცლება. მე მაინც ქუჩების დასუფთავება, ნაგვის დროული გატანა და ტრანსპორტზე ზედამხედველობა მეხებოდა. ფინანსური საკითხების შესახებ საქმის კურსში არ ვარ.
_ თქვენ იყავით დაკითხვაზე?
_ მე არ ვყოფილვარ. მძღოლები, ავტოფარეხის უფროსი, მუშები და მეეზოვები იყვნენ. მათ გაესაუბრნენ, ხელფასი რა გაქვთ, სად იღებთ ამ ხელფასსო და შემდეგ გამოუშვეს. სხვა არაფერი ვიცი.
_ ხომ არ იცით, ბატონ მერაბს ბრალი რაში ედება?
_ არა, არ ვიცი.
როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ეკონომისტი ლევან ჩხაიძე ამბობს, დასუფთავების სამსახური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასულ წელს 405 000 ლარით ფინანსდებოდა, ხოლო 2011 წელს აღნიშნული სამსახურისთვის 668 000 გამოიყო.