ფონდმა “ღია საზოგადოება _ საქართველომ” და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა” არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციებმა გასულ წელს, 6 თვის განმავლობაში აწარმოეს მონიტორინგი ავჭალის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
კვლევის თანახმად, ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ადეკვატურ რეაგირებას ახდენს აღმოცენებულ პრობლემებზე. სამინისტროს მხრიდან არის რეალური სურვილი და მცდელობა იმისა, რომ დაინერგოს ადმინისტრირების ეფექტური ინსტრუმენტები და გაუმჯობესდეს მართვის სისტემა, თუმცა, შეინიშნება ხარვეზები ადმინისტრირების და მართვის თვალსაზრისით.
_ არის სხვადასხვა ხარვეზები. მაგალითად ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა არ არის კარგად აწყობილი, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, არ ხდება მსჯავრდებულის გადაყვანა სპეციალურ დაწესებულებაში, არის შემთხვევები, როცა მსჯავრდებულებს ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო უკვე ცდილობს არსებული პრობლემების გადაჭრას, _ ამბობს ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” წარმომადგენელი ნინო კიკნაძე.
როგორც გაირკვა, დაწესებულებაში ჯანდაცვის დაფინანსება სიმცირის გამო არ ხდება არასრულწლოვანთა სამედიცინო და ფსიქიატრიული გამოკვლევა მსჯავრდებულის დაწესებულებაში შესვლისას. სამედიცინო ექსპერტის, ზურაბ აზმაიფარაშვილის თქმით, „დაწესებულებაში დანერგილია ტუბერკულოზის არა ეფექტური სკრინინგი, მას აწარმოებენ მხოლოდ კითხვარის გამოყენებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი კეთდება მხოლოდ ნახველის ბაქტეროლოგიური ანალიზი, რამაც შესაძლოა რეალური სურათი არ მოგვცეს“
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა დაავადებათა პრევენციულ ღონისძიებებს. ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება გადამდები დაავადებებით ინფიცირებულ მსჯავრდებულთა იზოლირება, მსჯავრდებულებს აწუხებთ ხშირი დერმატოლოგიური ინფექციები.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანთა 2/3-ს აქვს გამოხატული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. თვალსაჩინოა 3 წამყვანი აშლილობა: პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ქცევითი აშლილობები და ანტისოციოლოგიური აშლილობა.
_ განსაკუთრებით შემაშფოთებელი სურათია არასრულწლოვანთა დეპრესიული და შფოთვითი აშლილობის მხრივ, _ აღნიშნულია გამოქვეყნებულ კვლევაში.
_ გარკვეული პრობლემები აღმოჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. სკრინინგისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგად გამოვლინდა, რომ 70 პროცენტამდე მოზარდს აქვს ერთი ან მეტი ფსიქიკური დაავადების პრობლემა. საჭიროა, რომ დაწესებულებაში დაინერგოს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის სკრინინგი პრობლემების ადრეული გამოვლენის მიზნით და შემუშავდეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ფსიქიკური დაცვის სტრატეგია, _ ამბობს კვლევის კოორდინატორი ლელა ცისკარიშვილი.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით, კვლევა ხელისუფლებისთვის საინტერესოა და ისინი პრობლემების გამოსწორებაზე იმუშავებენ.
_ კვლევამ დაგვანახა, რომ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, შესაძლებელია, შევისწავლოთ ის მოთხოვნები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს ჯანდაცვის და პენიტენციალური სისტემა. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტებზე დამყარებული კვლევა წარმოქმნის რეკომენდაციებს, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სამინისტროების მიერ. რეკომენდაციებს გაეცნობა პარლამენტიც და ალბათ, საჭირო გახდება ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის გადახედვა, _ აღნიშნა ოთარ თოიძემ.