თუ ორდენოსანთა ზრდის ტემპი შენარჩუნდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი დათვლაც კი გაჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი სულაც არ არის კონკრეტულ პირთა დამსახურებისა თუ ღვაწლის გაუფასურება, უბრალოდ, მართლაც საინტერესოა, რით ხელმძღვანელობენ, თანაბარი და ზოგჯერ ბევრად მეტი დამსახურების მქონე ადამიანთა შორის, დასაჯილდოვებელთა ამორჩევისას.
გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე, თამაზ მახარაძე; სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი, ანი ჩუბინიძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, მარინა ჯაფარიძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ამირან გირკელიძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების მთავარი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის და მშენებლობის საკითხებში, თემურ მურვანიძე; სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, მობილიზაციისა და თავდაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ბადრი რუსიეშვილი; სახანძრო სამსახურის უფროსი, ვარდენ რუსიეშვილი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიის თანამშრომელი, ნინო ერქომაიშვილი _ ეს ადამიანები გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა 18 ივლისს ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. როგორც ღირსების ორდენოსნები ამბობენ, დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში არ შემდგარა.
როგორც ერთ-ერთი ღირსების ორდენოსანი აცხადებს, ამის შესახებ მან ოფიციალურად არ იცის და მისთვის არც ორდენი გადაუციათ. საკრებულოში ამბობენ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არიან დაჯილდოების ღირსნი, მაგრამ საკრებულოსა და გამგეობაში ბევრი სხვა ღვაწლმოსილი ადამიანიცაა.
საინტერესოა, როგორია ჯილდოზე წარსადგენთა შერჩევის წესი.
მხარის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ობიექტური მიზეზის გამო, ოზურგეთში არ იმყოფება და ამ ეტაპზე კომენტარსაც ვერ გააკეთებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია ტაკიძე აღნიშნავს, რომ კანდიდატები ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამსახურებრივი გამოცდილებისა და დამსახურების მიხედვით შეარჩია (საუბრის სტილი დაცულია):
_ როგორ შევარჩიეთ? დამსახურებით, როგორც არჩევენ ხოლმე, თითოეულის გამოცდილების. როგორც ხდება ხოლმე, მაგას წყვეტს მთავრობა და აჯილდოებს პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, კანდიდატებს ჩვენ ვარჩევთ.
_ ბატონო გია, თქვენი აზრით, არიან თუ არა ისეთი ადამიანები, რომლებიც იმსახურებდნენ ღირსების ორდენით დაჯილდოებას და არ მოხვდნენ სიაში?
_ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც იმსახურებს. პრეზიდენტი წყვეტს ხოლმე, ვინ დააჯილდოვოს. ყველას ერთდროულად ხომ ვერ მოუწევდა, არა? რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს და ეტაპობრივად მათი დაჯილდოებაც მოხდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ალეკო მამეშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: _ როგორ ხდება შერჩევა? რანაირად? შერჩეული არიან ღირსეული ადამიანები, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ და ტელეფონი გაგვითიშა.
ამირან გირკელიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში არ მომხდარა: _ რა თქმა უნდა, მიხარია. ვთვლი, რომ დააფასეს ჩემი შრომა. ეს ძალიან დიდი საჩუქარი, გურიის გუბერნატორმა თავის ოთახში გადმომცა. რაღაც ისეთი პომპეზურობა არ ყოფილა, მაგრამ ეს სიტუაცია თავისთავად საზეიმოა. ესწრებოდნენ მხარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის თანამშრომლები.
მარინა ჯაფარიძე გვეუბნება, რომ ის არავის დაუჯილდოვებია: _ ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ არაფერი ვიცი. ჩემთვის ეს ფაქტი ცნობილი არაა, რანაირად უნდა ვთქვა და რაზე გავაკეთო კომენტარი?! ჩემთვის არც ხელმძღვანელს უთქვამს და არც გადმოუციათ რაიმე. მე ჩავთვალე, რომ ეს არის ხუმრობა და ჭორი. ჯერჯერობით, ჩემთვის ოფიციალურად არავის უცნობებია. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გამგებელთან მე პირადად არ მქონია ამაზე საუბარი. როცა დამაჯილდოებენ, ექსკლუზივი თქვენი იქნება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, ჯანდაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ირინა საჯაია “გურია ნიუსთან” გაკვირვებას ვერ მალავს და ამბობს, რომ საქმის კურსში არაა:
_ არაფერი უთქვამთ. მე არ ვიცი, ვის გადაეცა, ხომ უნდა ეთქვათ? იძახიან, რომ ვიღაცას გადაეცა, გავალ ახლა და ვიკითხავ, თუ იყო ეს ოფიციალური. გავარკვევ ყველაფერს. ჩემთვის მსგავსი რამ არ უცნობებიათ. საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, გადავეცით ვინმესო? ნამდვილად არ ყოფილა, თორემ, საკრებულოში ღირსების ორდენს ვინმეს გადასცემდნენ და არ გაგვაცნობდნენ სიტუაციას?
თემურ მურვანიძის თქმით, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გადაეცა ღირსების ორდენი:
_ ძნელია საუბარი იმაზე, დავიმსახურე თუ არა. ალბათ, კი. გადაეცა ამირან გირკელიძეს, ვარდენ რუსიეშვილს, ბადრი რუსიეშვილს, მარინა ჯაფარიძეს, ნინო ერქომაიშვილს, თამაზ მახარაძეს და ანი ჩუბინიძეს. დაჯილდოებაზე იყვნენ მოადგილეები, თანამშრომლები და ის პირები, ვისაც გადაეცათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაკა მეგრელაძე და ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარის თანაშემწე, ქეთევან კვაჭანტირაძე აღნიშნავენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ღირსების ორდები პირველ რიგში, თუნდაც, გივი ყაზაიშვილს, მზევინარ სალუქვაძეს და მზია ნინიძეს ეკუთვნოდათ:
_ დიდი ხნის თანამშრომლები არიან. ისინი უანგაროდ და ღირსეულად მსახურობენ ამდენი წლის განმავლობაში, თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ალბათ, მათაც დაიმსახურეს და იმიტომ გადაეცათ.
თამაზ მახარაძემ “გურია ნისუთან” კომენტარი არ გააკეთა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი, ანი ჩუბინიძე სამხარეო ადმინისტრაციაში ერთი წელია მუშაობს. მისი თქმით, ღირსების ორდენით დაჯილდოებას არ ელოდა.
_ ნამდვილად არ ველოდი. გუბერნატორმა, ყველას, ვინც ვიყავით წარდგენილი, ერთად გადმოგვცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, მობილიზაციისა და სამოქალაქო სამსახურის უფროსი ილია ლეჟავა აღნიშნავს, რომ ბადრი რუსიეშვილი ნამდვილად ღირსია ღირსების ორდერის:
_ ის მალე სამობილიზაციო სამსახურის უფროსად დაინიშნება. დამსახურებული და ავტორიტეტის მქონეა და მას წარმატებებს ვუსურვებ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გურიის რეგიონში 8 ადამიანმა მიიღო ღირსების ორდენი: _ 26 მაისს, გამთენიისას, თანამემამულეთა სისხლით მორწყულ მიწაზე, ამაყად იდგა ე.წ “ელიტა” და ღირსების ორდენის მისაღებად თავმომწონედ გულმკერდს უშვერდა საქართველოს პრეზიდენტს. ამ დღის შემდეგ, ჩემთვის დღევანდელი საქართველოს ღირსების ორდენი, არის არა ღირსების, არამედ უღირსობის სიმბოლო, რადგან საქართველოს უღირსი პრეზიდენტი და მთავრობა ჰყავს. როგორც ვიცი, გურიაში რვა ადამიანმა მიიღო აღნიშნული ჯილდო, ბევრ მათგანთან წლები მაკავშირებს და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო _ ისინი, ამ ჯილდოსთვის არ მემეტებიან! თუ გურიის ხელისუფლება ეძებდა სწორედ გამოცდილ, დამსახურებულ, პროფესიონალ, მისაბაძ ადამიანებს, რატომ არ გაახსენდა სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებული ქალბატონები: ნარგიზ ნიკოლაიშვილი და მზია ჩხატარაშვილი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ქალბატონები მზია ნინიძე და მზევინარ სალუქვაძე, ბატონი გურამ ბერძენიშვილი; საკრებულოს თანამშრომელი გივი ყაზაიშვილი? ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი სამსახურების მამოძრავებელ ღერძს წარმოადგენენ! დიდი ღვაწლი აქვს ბატონ ამირან გირკელიძეს, რომელმაც ყველა დროს გაუძლო და ემსახურება თავის რაიონს; კარგი მუშაკია თემურ მურვანიძე, რომელსაც ვიცნობ როგორც უპატიოსნეს, თავისი საქმის უბადლო შემსრულებელს, პროფესიონალს, მაგრამ უპრიანი იქნებოდა, იმ თანამდებობაზე დაეტოვებინათ, რომელიც მას დამსახურებულად ეკუთვნოდა. უდავოდ კარგი ქალბატონია მარინა ჯაფარიძე, რომელიც ახალგაზრდული შემართებით ჩაება ფერხულში და ცდილობს პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა; იგივე შემიძლია, ვთქვა ბატონ ბადრი რუსიეშვილზეც. ნინო ერქომაიშვილმა ფაქტიურად ფეხი რაიონულ გამგეობაში აიდგა და დიდი გამოცდილება მიიღო და ნამდვილი პროფესიონალიც გახდა… რაც შეეხება ბატონ თამაზ მახარაძეს, მე არ ვიცი, მისი დამსახურების და პროფესიონალიზმის შესახებ; ნუ მიწყენს და იგი მხოლოდ გუბერნატორის ერთ-ერთი უფუნქციო მოადგილეა, რომელიც ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერასდროს იღებს; ხოლო ერთი “პრივილეგია” გააჩნია ბატონ თამაზს _ “ყოვლისშემძლე” რამაზ ნიკოლაიშვილის თვალი და ყურია; რაც შეეხება ჩუბინიძეს, ნამდვილად არ ვიცნობ და არ მიყვარს უცნობებზე საუბარი, მაგრამ მისი მისამართით მხოლოდ ამას ვიტყვი _ მას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ მიიღოს ის გამოცდილება, რაც მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს გააჩნიათ. მაგრამ ყველაზე მეტად გასაოცარია ის, რომ ჯილდოების გაცემა კულუარულად, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე მოხდა და კანდიდატთა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა! _ გვითხრა ნაცვალაძემ.