(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის მთიან ნაწილში, სოფლის პროგრამის ფარგლებში, მდინარე ჩოლოქზე, ხიდის მშენებლობა დაიწყო. გაღმა-გამოღმა ქაქუთელებს შორის, ამ მდინარეზე, აქ, არათუ წლების, საუკუნეების მანძილზე საცალფეხო ხიდი არსებობდა, რომელსაც წინათ ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობაც ენიჭებოდა და რომელიც ხშირად მიჰქონდა ადიდებულ ჩოლოქს. ჩვენს დროში ამ ხიდმა სამეზობლო დანიშნულება შეიძინა, რომლის აუცილებლობას ვერ ცვლის ბათუმის ცენტრალური ტრასის მონაკვეთზე, მდინარე ჩოლოქზე მდებარე კაპიტალური ხიდი.
_ ქაქუთი, როგორც გაღმა, ისე გამოღმა, დიდი და რელიეფით მთაგორიანი სოფელია და ახლანდელი ხიდი დროისა და ენერგიის დიდ ნაწილს დააზოგვინებს ოდითგან ერთ, შემდეგ კი ორად გაყოფილ ქაქუთელებს, რომლებსაც ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ შენარჩუნებული. მართალია, ახლა მშენებარე ხიდთან კომფორტული სატრანსპორტო გზა არ მიდის, მაგრამ ჩვენ უფრო ხიდის აგება გვეჩქარებოდა, მერე კი, იმედია, გზაც გაფართოვდება, _ ამბობენ ორივე ქაქუთის მცხოვრებლები.