(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია ტაკიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საკუთარ სახლში 4 აგვისტოს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი ვაკანტურია და მოვალეობას ტაკიძის მოადგილე, ლავრენტი ქვილორია ასრულებს. მას შემდეგ გამგებლის პოსტზე არაერთი კანდიდატი დასახელდა, მათ შორის, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, გუბერნატორის მოადგილე ლაშა შაფაქიძე, სატყეო სამმართველოს გურიის სამსახურის უფროსი ბესო ქარჩავა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე პეტრე სალუქვაძე, გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი შალვა ბოლქვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სავარძელს ახალი კანდიდატი, ილო ვაშაყმაძე ხვალ, სამშაბათს დაიკავებს. თუ ვისი კადრია გამგებლის ახალი კანდიდატურა, ამას საზოგადოებისთვის ახსნა არ სჭირდება და თუ ეს ასე მოხდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ გურიაში “ძლევამოსილება” კვლავ ნიკოლაიშვილს რჩება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ილია ვაშაყმაძის კანდიდატურა გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ლელა თავართქილაძემ წამოაყენა.
სხვა წყაროს ცნობით, იგი ყოფილი “ენჯეოშნიკია”, თავის დროზე ალეკო მამეშვილთან დაახლოებულ-დამეგობრებული. ახალი კანდიდატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, “ტაო პრივატბანკის” ოზურგეთის სერვისცენტრის მმართველი ილია ვაშაყმაძე 1996 წლიდან გურიის გუბერნატორის აპარატში მთავარი მრჩეველი იყო, შემდეგ რეგიონულ ხაზინაში უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 2010 საპარლამენტო არჩევნებში კი, ნაციონალების სიით, მეოთხე ადგილი ეკავა. თავად ილია ვაშაყმაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს: _ არის შემოთავაზებები, მიდის საუბარი, ოფიციალურად კი ჯერ არ დავნიშნულვარ, _ გვითხრა მან.